
რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს - დაწყებულია გამოძიება - Netgazeti
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ადასტურებენ სუიციდის ფაქტს. შემთხვევა პარასკევს, 2 ოქტომბერს მოხდა.
„ტვ პირველი“ ამბობს, რომ გარდაცვლილი 42 წლის კაცია. პატიმრის მამიდას, ვალიდა გულედანს ეჭვი შეაქვს თვითმკვლელობის ვერსიაში და აცხადებს, რომ კაცს ციხე რამდენიმე თვეში უნდა დაეტოვებინა:
„პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია… იძახიან, რომ თავი მოიკლაო. […] თავს არაფრით არ მოიკლავდა. […] თავი არ უნდა მოეკლა, რატომ მოიკლავდა?! 3 წელიწად-ნახევარი ციხეში იყო და არ მოუკლია და ახლა 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა თავს?“ – ამბობს „ტვ პირველთან“ მამიდა.
„ნეტგაზეთს“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა:
„2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში. პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა“.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge