
ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია - TI - Netgazeti
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს, რომ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას პროკურატურა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს.
ორგანიზაცია ამჯერად აანალიზებს პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე კიდევ ერთ საქმეს, რომელშიც ასევე ბრალად ედება ტერორისტული მიზნით სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება.
„თუმცა, პირველი საქმისგან განსხვავებით, სადაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან საკუთრივ ცეცხლის წაკიდების მცდელობა ეჭვს არ იწვევს, ამ შემთხვევაში პროკურატურა ვერ ასაბუთებს არა მხოლოდ ტერორისტული მიზნის არსებობას, არამედ ინკრიმინირებული ქმედების – ცეცხლის წაკიდების – ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენასაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს, რომ ბრალდება იმდენად მოკლებულია გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად აუცილებელ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომ:
„ეს საქმე ივანიშვილის რეჟიმის პირობებში წარმოებულ სხვა მრავალ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს შორისაც კი გამოირჩევა ბრალდების პოზიციის განსაკუთრებული უსუსურობითა და მტკიცებულებითი საფუძვლის თვალშისაცემი სიმწირით“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ფაქტობრივად, ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება, არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნით, გამოძიების პოზიციით, დგინდება შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მიერ დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშებისა და ელისაშვილის სუნის ნიმუშის გაიგივების ფაქტი.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ერთადერთი მტკიცებულებაც კი ძლიერ ეჭვებს წარმოშობს მისი კანონიერებისა და უტყუარობის კუთხით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აანალიზებს საქმის მიმდინარეობას, წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საქმის კვალიფიკაციის შეცვლაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
მათი შეფასებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ცეცხლი სწორედ ელისაშვილმა წაუკიდა.
TI-საქართველოს განცხადებით:
მოწმეები არ ადასტურებენ ელისაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას – „სადავო ვერ იქნება, რომ საქმეზე დაკითხული არცერთი მოწმე, სასამართლოს მანდატურების ჩათვლით, არ გამოდგება იმ ფაქტის დასამტკიცებლად, რომ 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ არ იციან, ვინ ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, ამ საქმეს თვითმხილველი მოწმე არ ჰყავს; ვიდეომტკიცებულებები ელისაშვილის იდენტიფიცირებისთვის უვარგისია, მათი ნაწილი კი უკანონოდ იქნა მოპოვებული; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დღემდე არ არის წარმოდგენილი; „ოპერატიული ინფორმაცია“, მისი ანონიმური წყარო და პოლიციელის „პატაკი“ დაუშვებელი მტკიცებულებაა; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების ერთადერთი, მაგრამ ისიც დაუშვებელი და არაუტყუარი მტკიცებულებაა; პროკურატურას საერთოდ არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც ტერორისტულ მიზანზე მიუთითებდა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს კრიტერიუმების შესაბამისად, ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია ამ ბრალდების მიმართაც.
„წინა პუბლიკაციაში ჩვენ დავასკვენით, რომ ალექსანდრე ელისაშვილი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილი პოლიტპატიმრობის რამდენიმე კრიტერიუმიდან გამომდინარე. ამ საქმეში პოლიტიკური პატიმრის სტატუსის საკითხი უნდა შეფასდეს იმ კუთხით, აკმაყოფილებს თუ არა მის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილ რომელიმე კრიტერიუმს, მათ შორის, სულ მცირე, აშკარად უსამართლო სამართალწარმოების კრიტერიუმს. ყველა ის გარემოება, ერთად აღებული, რაზეც ზემოთ იყო მსჯელობა, კერძოდ – გამოძიების ხანგრძლივი უმოქმედობა; მოულოდნელად, უცნობ წყაროზე დაყრდნობით სავარაუდო დანაშაულის ელისაშვილთან დაკავშირება; ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა; ვიდეომტკიცებულებების დაგვიანებული მოპოვება; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის უარყოფითი შედეგისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის მიუხედავად ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენა; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არასარწმუნოობა; ტერორისტული მიზნის დამოუკიდებელი მტკიცებულების არარსებობა; წინა ტერორიზმის საქმესთან კონტექსტუალური კავშირი – მიუთითებს იმაზე, რომ ამ საქმეშიც ელისაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა და პასუხისგებაში მიცემა აშკარად უსამართლო ხასიათს ატარებს, რაც ასევე აშკარად დაკავშირებულია ხელისუფლების ორგანოთა პოლიტიკურ მოტივებთან. შესაბამისად, წინა საქმის ანალოგიურად, მოცემულ შემთხვევაშიც, ალექსანდრე ელისაშვილი უნდა იქნეს მიჩნეული პოლიტიკურ პატიმრად“, – წერს TI-საქართველო.
იხილეთ ასევე:
TI-საქართველო: ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება; „საქმე, რომელიც ერთ ცუგაზეა აწყობილი. ჯეკა მიჭერს“ — ელისაშვილი ტერორიზმში წაყენებულ ახალ ბრალზე
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge