
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა - პირობები - Netgazeti
პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
უწყება ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკვე დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი:
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 3 ეპიზოდი) სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის (სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, 4 ეპიზოდი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
პროკურატურა აცხადებს, რომ მიქაუტაძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, „მოინანია“, აანაზღაურა ზიანი და უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მიმართა.
„პროკურატურამ მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე“, – წერია განცხადებაში.
რაც შეეხება საპროცესოს პირობებს:
რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა:
ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა; 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი; 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი; 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი; 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები; 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.
გარდა ამისა, პროკურატურა ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge