
იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად - კალოიანი ილია მეორეზე - Netgazeti
ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი, რომელიც იყო პატრიარქ ილია მეორის მკურნალობისთვის მიწვეული კონსილიუმის შემადგენლობაში, აცხადებს, რომ ვითარება რთულია.
როგორც ვახტანგ კალოიანი ამბობს, გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად პატრიარქი რამდენიმე მედიკამენტზე იმყოფება.
„დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად. რთულია ვითარება. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია. სხვა დეტალებზე რთული იქნება საუბარი.
კუჭიდან სისხლდენა არის ძირითადი პრობლემა, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება. დანარჩენი უკვე დროის საკითხია. კონსილიუმის შედეგად მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და სწორად. ეს მკურნალობა არ საჭიროებდა არანაირ რადიკალურ ცვლილებას. ასე რომ, ოპტიმალურია გაკეთებული, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე.
ვითარება რთულია, მარტივი არ არის. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგრესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე,რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია და საჭიროებს გარკვეულ დროს, რათა ამ სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, რომ გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge