
დედოფლისწყაროში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა - სეს - Netgazeti
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. სააგენტოს ინსპექტორებმა შესაბამისი კვლევა შეტყობინების საფუძველზე ჩაატარეს.
“ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა. სააგენტოს ინსპექტორებმა პათოლოგიური მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ცოფი დადასტურდა.
ინფორმაცია ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ მაშინვე ეცნობა ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს. დაინფიცირებულ პუნქტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე (დაინფიცირებული პუნქტიდან 3 კმ-ის რადიუსში) გამოცხადდა კარანტინი”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გამოცხადებული კარანტინის ფარგლებში ჩაატარეს დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, ზედამხედველობას უწევენ დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ სხვა ცხოველებს, აკონტროლებენ მათ გადაადგილებას და სხვა.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში აცრილია დაავადების ამთვისებელი 4500 სული ცხოველი.
სააგენტოს ცნობით, ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, 2025 წელს ცოფის შემთხვევები 2012 წელთან შედარებით 93%-ით არის შემცირებული.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge