
ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე - Netgazeti
ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ეუთოსთან თანამშრომლობის გამო.
ნანუაშვილის თქმით, აბსურდია, როდესაც უფლებადამცველს იბარებენ უსაფრთხოების სამსახურში იმის გამო, რომ საერთაშორისო ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
„მე დავეხმარე ექსპერტს იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაზეც მას ჰქონდა კითხვები. დაკავშირება სურდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, აინტერესებდა ანგარიშები, რომელიც ჩვენ გვქონდა მომზადებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მე მას ყველაფერში დავეხმარე და მივაწოდე ეს ინფორმაცია. ეს არის უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების დაშინება, რომ არავის მომავალში აღარ ჰქონდეს სურვილი იკონტაქტოს საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, — განაცხადა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო პირიქით ვალდებული იყო, თავადაც ეთანამშრომლა ექსპერტთან და ხელი შეეწყო პროცესისთვის.
„მეექვსე პუნქტი მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის, წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, არ შეუქმნან რაიმე პრობლემა და დაიცვან თითოეული იმ ადამიანის და ორგანიზაციის უფლებები, ვინც ითანამშრომლებს ექსპერტთან. ეს არის დამატებითი მექანიზმი, რომ დაცული იყოს ყველა ის პირი, ვისაც კომუნიკაცია ექნება ეუთოს ექსპერტთან. ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს მოთხოვნა უკვე დარღვეულია საქართველოს ხელისუფლების მიერ“, — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მე-6 პუნქტი, რომელზეც ნანუაშვილი საუბრობს, ამბობს, რომ „მონაწილე სახელმწიფოები თავს შეიკავებენ ნებისმიერი ქმედებისგან იმ პირების, ორგანიზაციების ან ინსტიტუტების წინააღმდეგ, ექსპერტთა მისიასთან მათი კონტაქტის ან მათთვის გადაცემული ნებისმიერი საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამო“.
გამოკითხვის შემდეგ უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა გაუთქმელობას და დასმული კითხვების შესახებ ვერ ისაუბრებს.
„დღევანდელი დაკითხვაც არის აბსურდი და აბსურდის თეატრში მონაწილეობა. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, უსაფრთხოების სამსახური დაკავებული იყოს რეალური უსაფრთხოების პრობლემებით, მათ შორის, იმით, რომ 21 პატიმარია სოხუმისა და ცხინვალის საპატიმროებში, ზრუნავდეს მათ გათავისუფლებაზე, ის დაკავებულია რაღაც თითიდან გამოწოვილი საქმით“, — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „მოსკოვის მექანიზმთან” დაკავშირებით გამოძიებაც კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეუთოს საოპერაციო დოკუმენტის დარღვევაა, რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს, „მოსკოვის მექანიზმთან“ ითანამშრომლოს და დაიცვას იმ პირთა უფლებები, რომელთაც ექსპერტებთან სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია ექნებათ.
„ეს არის სერიოზული დარღვევა ეუთოს მოთხოვნების, რაზეც საქართველოს ხელისუფლება პასუხი უნდა გასცეს. მე არანაირი კოორდინაცია არ გამიწევია ეუთოს ექსპერტისთვის, კითხვებს პასუხი გავეცი, დავეხმარე ექსპერტს. ეს იყო ჩემი, როგორც მოქალაქის, უფლებადამცველის მოვალეობა. ექსპერტმა მთხოვა, თუ მქონდა რამე ინფორმაცია რომელი წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. მე ერთ-ერთი ასეთი ცნობილი დავით ქაცარავას საქმე გამახსენდა და ვუთხარი. შემდეგ დაუკავშირდა თუ არა ქაცარავას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.
ეუთოს მექანიზმი ოფიციალური მექანიზმია, ეს არ არის რაღაც კერძო დაწესებულება, საქართველო 1992 წლიდან ეუთოს წევრია, ვალდებულება აქვს ექსპერტთან ითანამშრომლოს, ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდოს, სწორედ ამიტომ შეხვდნენ მას სახელმწიფო თანამდებობის უმაღლესი პირები. თუ ეს დანაშაულია, მაშინ დღეს თანამდებობის პირებიც უნდა დაიკითხონ“, — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge