მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება, ჩვენ საქართველო ჩიხში არ შეგვიყვანია - ევროკომისიის წარმომადგენელი - Netgazeti

პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება, ჩვენ საქართველო ჩიხში არ შეგვიყვანია - ევროკომისიის წარმომადგენელი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის, აიმერიკ დიუპონის განცხადებით, საგარეო კურსის შეცვლაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება და არა ევროკავშირს.

მისი თქმით, ევროკავშირს საქართველო ჩიხში არ შეუყვანია.

ამის შესახებ აიმერიკ დიუპონმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ კვლავ შეგვიძლია დისკუსიების გამართვა და საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავ დიდია. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი, რათა საქართველო განვითარების სწორ გზას დაუბრუნდეს. თუმცა მსურს, ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი. ვგულისხმობ იმას, რომ კურსის შეცვლაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენ საქართველო ამ ჩიხში არ შეგვიყვანია და ეს თავიდანვე ნათელი უნდა იყოს.

რაც შეეხება შეფასებას, თითქოს ევროკავშირმა ცოტა, ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერი გააკეთა — ვფიქრობ, ამ საკითხზე სხვადასხვა აზრზე დავრჩებით. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი საყრდენია და ეს იყო ჩვენი რეაგირების ნაწილიც.

ჩვენ აღარ ვამყარებთ პოლიტიკურ კონტაქტებს. ვხედავ, რომ გარკვეულ საერთაშორისო ღონისძიებებზე მიუწვევლობამ ქართული მხარის გარკვეული უხერხულობა და მტკივნეული რეაქცია გამოიწვია. თუმცა კვლავ ვიმეორებ, ეს იყო წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მინისტრების დონეზე კონტაქტების იზოლირების შესახებ. ასევე, ვფიქრობ, საკმაოდ მკაფიო გზავნილი იყო იმ დახმარების შეჩერება, რომლითაც უშუალოდ მთავრობა სარგებლობდა.

ამ კონტექსტში წევრი ქვეყნები და ევროკავშირი ეძებენ გზებს შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად. ეს საკითხი სულ რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა საბჭოზე განიხილებოდა და შესაძლოა, მომდევნო კვირებში კვლავ დადგეს დღის წესრიგში.

ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა სანქციებთან დაკავშირებით, არის ის, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირებაზე მსჯელობა დაწყებულია და გაგრძელდება, თუმცა აქ მოქმედებს საბჭოს წესები, რაც ერთსულოვნებას მოითხოვს.

რაც შეეხება დიალოგისკენ მოწოდებებს, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დიალოგი არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს არსენალში მოიპოვება. მოგეხსენებათ, გასულ წელს გარკვეული ძალისხმევა გამოვიჩინეთ ამ დიალოგის აღსადგენად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ საუბრის გამართვა შეუძლებელი გახადა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვიცდია“, – განაცხადა აიმერიკ დიუპონმა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია