
იურისტი ხსნის, როგორ დააკავეს პინოჩეტი "მოსკოვის მექანიზმის" მიერ ნახსენები პრინციპით - Netgazeti
იურისტი, სოციალ-დემოკრატი ვახუშტი მენაბდე ხსნის, როგორ დააკავეს ევროპაში ჩილელი დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი იმ სამართლებრივი მექანიზმით, რომელიც საქართველოს შესახებ ეუთოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნახსენები.
ავტორი: ვახუშტი მენაბდე
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ერთ ასპექტზე, რაზეც ნაკლები ყურადღება გამახვილდა, არადა უმნიშვნელოვანესია.
იდგა 1998 წლის ოქტომბერი. ლონდონის კერძო კლინიკაში წელის თიაქრის სამკურნალოდ დიპლომატიური პასპორტით ჩასული ჩილეს ყოფილი დიქტატორი და მუდმივი სენატორი აუგუსტო პინოჩეტი სამედიცინო პროცედურებს გადიოდა და ეჭვი არაფრისა ჰქონდა. მაგრამ სამართლიანობის ურემს მადრიდამდე მიეღწია და ესპანეთის ნაციონალური სასამართლოს (Audiencia Nacional) „საგამოძიებო მოსამართლის“ (Juez de Instrucción) ბალთაზარ გარსონ რეალის ხელით მოქმედება გადაეწყვიტა.
13 ოქტომბერს ესპანელმა მოსამართლეებმა ლონდონში გაგზავნეს ოფიციალური შეკითხვა პინოჩეტის ადგილსამყოფლის შესახებ. 16 ოქტომბერს ინტერპოლმა დაადასტურა მისი იქ ყოფნა. იმავე საღამოს მოსამართლე გარსონმა გამოსცა დაკავების წინასწარი ორდერი, რომელიც ბრიტანეთის პოლიციამ იმავე ღამეს, დაახლოებით 23:15 საათზე მიიღო და მაშინვე აღასრულა. სამხრეთ ამერიკის სასტიკი მემარჯვენე დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი კლინიკაშივე დააკავეს.
ეს არის საერთაშორისო სამართლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენა. პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილი სახელმწიფო მეთაური და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირი დააკავეს სხვა ქვეყანაში, მის მიერ საკუთარ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც ესპანეთს სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა, “უნივერსალური იურისდიქციის” პრინციპის სახელითაა ცნობილი. ის საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქვეყანას, გამოიძიოს და დასაჯოს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის (მაგ. წამება) კონკრეტული პირები, მაშინაც კი, თუ:
დანაშაული სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდა;დამნაშავე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე;მსხვერპლი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე.
რატომ? იმიტომ, რომ წამება არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რომლის ჩამდენის დასჯის უფლებაც ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ჩილეში ან საქართველოში მოხდა. წამება არის დანაშაული, რომელსაც სუვერენიტეტი ვერ შეიფარებს.
დიახ, სწორედ ამ „უნივერსალური იურისდიქციის“ პრინციპის გამოყენების რეკომენდაცია მისცა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულმა ანგარიშმა ეუთოს წევრ ქვეყნებს. დოკუმენტში ვკითხულობთ:
„განიხილეთ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩამდენ პირების და პასუხისმგებელი ზემდგომი პირების (Responsible superiors) ეროვნულ სასამართლოებში პასუხისგებაში მიცემის საკითხი, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის გამოყენებით.“
ანუ მხოლოდ იმათ შემთხვევაში კი არ მიმართოთ უნივერსალური იურისდიქციას, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული, არამედ პასუხისმგებელ მაღალი თანამდებობის პირებზეცო.
მემარცხენე პოლიტიკური და სამართლებრივი აზროვნება უნივერსალურ იურისდიქციას განიხილავს როგორც ჩაგრულთა დაცვისა და გლობალური სამართლიანობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ეს არგუმენტები აცამტვერებს სუვერენიტეტის ისეთ გაგებას, რომელიც დამნაშავე ელიტების „დამცავი ფარის“ როლს თამაშობს:
როდესაც რეჟიმი აკონტროლებს ადგილობრივ სასამართლოს, უნივერსალური იურისდიქცია არის საშუალება, რომ სამართლიანობა არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო საზღვრებზე (ანუ მმართველი ელიტის „კეთილ ნებაზე“);ინტერნაციონალიზმი ადამიანების ღირსების დაცვა არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმე; ამის ჩამდენი კარგავს სუვერენიტეტის დაცვის მორალურ უფლებას;ნამდვილი სუვერენიტეტი ხალხს ეკუთვნის და არა მთავრობას. თუ მთავრობა ხალხს აწამებს, ის უკვე ანტისუვერენულია და საერთაშორისო ჩარევა (სასამართლო გზით) ლეგიტიმურია;უნივერსალურ იურისდიქცია არის პოსტკოლონიური სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი;
ეს სამართლიანობისთვის ბრძოლის დეცენტრალიზებული მოდელია და გზას უხსნის საერთაშორისო სოლიდარობას. საშუალებას აძლევს ხალხებს, ზეწოლა მოახდინონ საკუთარ მთავრობებზე, იმოქმედონ იმ რეჟიმების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ ხალხს ტანჯავენ.
უნივერსალური იურისდიქცია პინოჩეტის საქმით არ დასრულებულა. ის დღემდე მოქმედებს, მაგალითად, ბოლო წლებში გერმანიის სასამართლოებმა უნივერსალური იურისდიქციით გაასამართლეს სირიის ყოფილი მაღალჩინოსნები იქ ჩადენილი წამების ფაქტებზე.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge