მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
"დამხვდნენ როგორც რეციდივისტს, სამი მანქანით ალყაში მომაქციეს და ისე ამიყვანეს" - ნინია კაკაბაძის სიტყვა სასამართლოში - Netgazeti

"დამხვდნენ როგორც რეციდივისტს, სამი მანქანით ალყაში მომაქციეს და ისე ამიყვანეს" - ნინია კაკაბაძის სიტყვა სასამართლოში - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

“მედიაჩეკერის” ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის “გზის გადაკეტვის” სხდომა ისევ გადაიდო. მოსამართლე კობა ჩაგუნავა გადაწყვეტილება 21 აპრილს გამოაცხადებს.

ნინია კაკაბაძე 5 თვის წინ, 2025 წლის 3 ნოემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სამანქანო გზაზე დგომით ტრანსპორტის მოძრაობის ხელოვნურად შეფერხებას ედავებოდა.

დღეს, 27 მარტის სხდომაზე ნინია კაკაბაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

“დამხვდნენ როგორც რეციდივისტს, სამი მანქანით, ალყაში მომაქციეს და ისე ამიყვანეს, ვერც კი მივხვდი, რომ ჩემს დაპატიმრებას ცდილობდნენ. მეგონა, რომ რაღაც შეეშალათ. მაშინვე ვაჩვენე ბეიჯი (ჟურნალისტობის დამადასტურებელი მოწმობა), რომელიც ზედ მეკეთა და ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ.

მინდა შსს-ს წარმომადგენელ ქალბატონს ვუთხრა, რომ ძალიან სამწუხაროა ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, თუ როგორ მოდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და არანორმალური რაოდენობით ტყუილს ლაპარაკობენ, თითქოს მე დავსეირნობდი უსაქმოდ და არ ვიღებდი არაფერს. ასეთი 10-წამიანი კადრიც კი არ არსებობს ბუნებაში. რომც მესეირნა და მთელი ერთი საათის განმავლობაში ჩართული კამერით არ ვყოფილიყავი, არც ეს არ არის დარღვევა.

ქალბატონი შსს-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟურნალისტები გადაიღებენ და შემდეგ გადადიან ისევ ტროტუარზეო. ასეთი რამე არ ხდება. არასოდეს არ მომხდარა. მე ახლავე შემიძლია გაჩვენოთ კადრები [სამთავრობო მედიების წარმომადგენლების] რუსთაველის გამზირზე, გადაკეტილზე, ძირს, იქვე ქუჩაში, როგორ უდევთ კამერები, იქვე დგანან, საღეჭ რეზინს ღეჭავენ, სიგარეტს აბოლებენ და ჯიბეში უდევთ მიკროფონები. წახვალთ ახლა და მათ წინააღმდეგ ოქმს შეადგენთ? არ წახვალთ იმიტომ, რომ ისინი თქვენი ერთ-ერთი დანაყოფია. მე არ ვარ თქვენი დანაყოფი და ამიტომაც ჩათვალეთ, რომ საქმეს არ ვაკეთებდი.

წინა დღეებშიც ზუსტად ასე ვიღებდი და რატომ მაშინ არ დამაკავეთ? ვფიქრობ, იმიტომ, რომ იმ დღეს განსაკუთრებულად ახლო ხედით ვუღებდი პოლიციელებს. მათ შორის გოგა მემანიშვილს [თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი] და აი, ეს კადრიც მაქვს, გოგა მემანიშვილი ჩემზე როგორ ანიშნებს რაღაცას. შემდეგ, როდესაც მას ვკითხე, რატომ დამაკავეთ, ხომ იცი, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მე რა ვიცი, შენ მანდ რა გეკიდაო. იმითაც არ შეიწუხა თავი, ენახა რა ნიშანი მეკიდა, რომელსაც დიდი ასობით PRESS აწერია.

იმ დღეს ასე მოინდომა. ძალაუფლება მათ ხელშია, ყველაფერი შეუძლიათ, რომ გააკეთონ. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რომლებიც ჩვენი უფლებებით ვსარგებლობთ. ამიტომ, ცხადია, ამ ეტაპზე ვართ მსხვერპლი ასეთი ადამიანების, რომელნიც გადაწყვეტენ, რომ შენი უფლებების შელახონ და სრულიად უკანონოდ დაგაკაონ.

4 საათი გამატარებინეს პოლიციაში იმ დროს, როდესაც ბავშვი სახლში მარტი იყო. ვთხოვდი, რომ მოეცათ საშუალება, ბავშვთან მაინც დამერეკა თუნდაც მათივე ტელეფონით, რომ მამას დაკავშირებოდა. ამის საშუალებაც არ მომცეს. როგორც სადისტები, ისე იქცეოდნენ და კიდევ აქეთ მაყენებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ თავი უნდა ვიმართლო – ჟურნალისტი ვარ და ვმუშაობდი-მეთქი. ამის ყველანაირი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს, თქვენს კამერებზეც, ჩემს კამერაშიც და ყველას კამერაში. მსგავსი აბსურდი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ხდებ”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

დღეს, 27 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ორი ჟურნალისტის ადმინისტრაციული საქმის სხდომა იყო:

ფოტორეპორტიორ გიორგი თარხნიშვილის საქმეზე სამართალწარმოება შეწყვიტა მოსამართლე დავით მაკარაძემ. შსს მას არა “გზის გადაკეტვას”, არამედ ტროტუარზე დგომას ედავებოდა. უფრო ზუსტად, როგორც ამას უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, ტროტუარზე დგომით გამვლელი მოქალაქეებისთვის გადაადგილებაში დაბრკოლების შექმნას 2025 წლის 18 დეკემბერს.

დღეს უნდა განხილულიყო ნეტგაზეთის ფოტორეპორტიორის, მარიამ ძიძარიას საქმეც. შსს მასაც “გზის გადაკეტვას” ედავება. თუმცა სხდომა გახსნისთანავე დაიხურა. სხდომის გადადების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა დააყენა. მისი თქმით, სჭირდებათ დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ძიძარიას ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, რომ სამართალდარღვევის ოქმი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ არის შედგენილი. მისთვის გაუგებარია, რატომ არ აღმოჩნდა ეს დრო საკმარისი შსს-სთვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად. თუმცა, განაცხადა, რომ არსებობს რაიმე მტკიცებულება, მზად არის ნახოს და განიხილოს ის, ამიტომ, სხდომის გადადების წინააღმდეგი არ ყოფილა.

ნინია კაკაბაძის მსგავსაც, გიორგი თარხნიშვილი და მარიამ ძიძარიაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ იმ მომენტში, რა დროსაც შსს სამართალდარღვევის ჩადენას ედავება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია