
31 მარტი საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შეთანხმების ხელმოწერის დღეა - Netgazeti
ავტორი: მამუკა კუდავა, დიპლომატი
2006 წლის 31 მარტს, სოჭში ხელი მოეწერა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შეთანხმებას. საქართველოს ამ ისტორიულ დიპლომატიურ მიღწევაზე ალბათ მომავალში ვრცლად დაიწერება, მოკლედ კი ასე იყო:
სოხუმის დაცემის შემდეგ, შევარდნაძე იძულებული გახდა, დსთ-ში შესულიყო და რუსეთის სამხედრო ბაზები „დაეკანონებინა“. თუმცა, მან ბაზების ხელშეკრულების ორმხრივ დოკუმენტს ორი პირობა დაურთო: 1. მისი რატიფიკაცია მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მოსკოვის დახმარების შემთხვევაში მოხდებოდა; 2. ქართული არმიის აღმშენებლობაში რუსეთის მხარდაჭერა.
რასაკვირველია, მალევე გაირკვა, რომ მოსკოვი არცერთ პირობას არ შეასრულებდა და ამიტომ უკვე 2-3 წელში, ქვეყანაში პოსტ-საომარი ვითარების დასტაბილურების კვალდაკვალ, დღის წესრიგში დადგა უცხო ბაზების გაყვანის საკითხის დაყენება.
რუსებთან მოლაპარაკებები დაიწყო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების განხილვის კონფერენციაზე, ვენაში 1996 წლის მაისში. ჩვენს დელეგაციას პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ ადამია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბურდული ხელმძღვანელობდნენ და სხვებთან ერთად, ნიკა ვაშაკიძე და მე ვმონაწილეობდით. ამ ღონისძიებაზე გამოიკვეთა, რომ არსებობს რეალური მექანიზმი ეუთო-ში და თან მსგავსი ინტერესების მქონე ქვეყნებიც: მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი.
ჩამოყალიბდა სახელმწიფო უწყებათაშორისო კომისია. რუსეთთან მოლაპარაკებებს სათავეში ჩაუდგა საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და მასში მონაწილეობდა მრავალი წარჩინებული დიპლომატი, სამხედრო და სახელმწიფო მოხელე. ეს რთული პროცესი 1999 წლის ნოემბერში ეუთო-ს სამიტზე ქართული დიპლომატიის დიდი მიღწევით დაგვირგვინდა.
„სტამბოლის შეთანხმებას“ მაშინ ეუთო-ს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი — კლინტონი, ელცინი, დემირელი, ალიევი, შევარდნაძე და სხვა. რუსეთს დაეკისრა საქართველოდან და მოლდოვიდან ბაზების გაყვანის საერთაშორისო ვალდებულება, ანუ თბილისმა მოახერხა ორმხრივი გადაუჭრელი პრობლემის მრავალმხრივ, ხელსაყრელ ფორმატში გადაყვანა. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი გახადა წლების განმავლობაში დასავლეთის, კერძოდ ვაშინგტონის, თანმიმდევრულმა და მტკიცე ლობირებამ.
მოსკოვმა ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება — 2001 წელს დაცალა ვაზიანის ბაზა და შეამცირა სამხედრო პერსონალი გუდაუთაში, თუმცა ამის ვერიფიკაციის საშუალებას არ იძლეოდა „ოფიციალური სოხუმის“ პოზიციის მომიზეზებით. ასევე, ფეხს ითრევდა „სტამბოლის შეთანხმებით“ ნაკისრი მეორე მთავარი ვალდებულების შესრულებაზეც — ახალქალაქისა და ბათუმიდან წასვლაზე, ხან 25 წელს და ხან მილიარდებს ითხოვდა. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
2003 წლის ხელისუფლების ცვლილებამ ახალი დინამიკა შექმნა, მთავარი მომლაპარაკებელი მენაღარიშვილი სალომე ზურაბიშვილმა შეცვალა. დაძაბული რაუნდების შედეგად, რაც ასევე მოიცავდა სააკაშვილის მთავრობის ულტიმატუმს (დარჩენილი ბაზების მომარაგების ბლოკადის მუქარა), 2005 წელს რუსები დათანხმდნენ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი ლავროვმა და ზურაბიშვილმა მოაწერეს.
2006 წლის 31 მარტს კი მქონდა პატივი, საქართველოს მთავრობის სახელით, მინისტრის მოადგილის რანგში, ხელი მომეწერა რუსეთის ბაზების გაყვანის საბოლოო დოკუმენტისთვის. მეორე მხრიდან ხელმომწერი რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ალექსეი მასლოვი იყო. რასაკვირველია, საქართველოს ინტერესებში შედიოდა, რომ ეს ხელმოწერა რაც შეიძლება მაღალ დონეზე ყოფილიყო ხელმოწერილი, რათა მისი შესრულების მეტი გარანტია მიგვეღო. თუმცა, მოსკოვმა არჩია მისი ხელმოწერა არ მომხდარიყო უმაღლეს ან თუნდაც მინისტრთა დონეზე. მათ დონის დაწევა უნდოდათ და ცერემონიაზეც მხოლოდ „მიყრუებულ“ სოჭზე დათანხმდნენ და არა მოსკოვსა ან თბილისზე.
თუმცა ახალქალაქი და ბათუმი ნაადრევად დახურა 2007-ში, რუსეთმა შემცირებული გუდაუთის ბაზა მაინც დაიტოვა და კარგად გამოიყენა კიდეც 2008 წლის აგვისტოში, ხოლო ომის შემდეგ საერთოდ გააფართოვა სამხედრო ყოფნა როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონშიც. მიუხედავად ამისა, ვაზიან-ახალქალაქ-ბათუმის დაბრუნება სტრატეგიული მნიშვნელობის იყო — დღეს მსოფლიოსა თუ რეგიონში არსებული არასტაბილურო ვითარების პირობებში, 4-5 სხვადასხვა ქართულ მიწაზე რუსეთის სამხედრო ყოფნა ჩვენი ქვეყნის რღვევას და დაქუცმაცებას გამოიწვევდა.
ათწლიან დიპლომატიურ ეპოპეაში ირაკლი მენაღარიშვილის, სალომე ზურაბიშვილის და სამი აწ განსვენებულის — რევაზ ადამია, გიგა ბურდული და ლევან მიქელაძე — გარდა, დიდი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეებმა და პოლიტიკოსებმა: გელა ბეჟუაშვილი, მიხეილ უკლება, მერაბ ანთაძე, დავით თევზაძე, გრიგოლ ქათამაძე, ჯონი ფირცხალაიშვილი, თედო ჯაფარიძე, არჩილ გეგეშიძე, გელა ჩარკვიანი, ნიკა ვაშაკიძე, დავით ბაქრაძე, დავით დონდუა, დავით ზალკალიანი, ზურაბ ლომაშვილი, რევაზ ბეშიძე, ბათუ ქუთელია, მალხაზ მიქელაძე, ვასილ სიხარულიძე, ბუკა პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, მამუკა კუდავა, გიორგი მუჩაიძე, ალექსანდრე მაისურაძე, ნიკა რურუა, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, გია ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი, კახა ჩიტაია, დავით სუმბაძე, გიორგი მანჯგალაძე, გიორგი ზაქარაშვილი, პაატა გაფრინდაშვილი, დავით ნაირაშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ალექსანდრე კიკნაძე, ირაკლი ბატკუაშვილი, ირაკლი ძნელაძე, დავით ნარდაია, ზურაბ ალექსიძე, ლევან წურწუმია და ბევრი სხვა. ეს ძალისხმევა მართლაც საერთო და სამაგალითო იყო, რამაც მოიტანა დადებითი შედეგი კიდეც.
20 წლის გადასახედიდან გამოტანილი მთავარი გაკვეთილები ალბათ ასეთია:
სტრატეგიული გამჭრიახობა: ვაზიანის, ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების დახურვა იყო ქვეყნის გადარჩენის აქტი. მათ გარეშე 2008 წლის ომის შედეგები ბევრად კატასტროფული იქნებოდა, ხოლო დღეს საქართველოს სუვერენიტეტი მხოლოდ ნომინალური, გუბერნიასთან გათანაბრებული იქნებოდა.
ინსტიტუციური უწყვეტობა: წარმატება მოიტანა პოლიტიკურ გუნდებს შორის არსებულმა კონსენსუსმა და პროფესიონალი კადრების შენარჩუნებამ (ინსტიტუციური მეხსიერება). სახელმწიფოებრივი ინტერესი პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა დადგა.
საერთაშორისო ბერკეტების ფასი: მცირე სახელმწიფოსთვის საერთაშორისო სამართალი და პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერა ერთადერთი ეფექტური იარაღია დიდი ოკუპანტის წინააღმდეგ.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge