
ცხინვალი და მოსკოვი თბილისისგან კვლავ მოითხოვენ ჩორჩანაში პოლიციის პოსტის აღებას - Netgazeti
ცხინვალი რუსულ მხარესთან ერთად კვლავ ითხოვს თბილისისგან სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის პოსტის აღებას.
დღეს, 31 მარტს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის [IMPR] მორიგი შეხვედრის ფარგლებში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და ქართულ მხარეს შორის ე.წ. სასაზღვრო მონაკვეთებზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
როგორც ოსური მხარე აცხადებს, განხილვის მთავარი თემა “კვლავ იქნება ერგნეთის დასახლებაში სამხრეთ ოსური სოფელ უისტას [ჩორჩანა-წნელისი] რაიონში მდებარე ქართული პოლიციის პოსტის მოხსნის საკითხი, რომელიც იქ 2019 წლის აგვისტოს ბოლოს განთავსდა”.
ცხინვალის ცნობითვე, შეხვედრის მონაწილეები ასევე გააანალიზებენ გასულ პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მონაცემებს.
ერგნეთში შეხვედრები სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში იმართება; მათში მონაწილეობენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, რუსეთის, საქართველოს, ევროკავშირის და ეუთოს დელეგაციები. ფორმატი შეეხება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების საკითხებს.
მას შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” 2019 წელს სოფელ წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსება არაკანონიერად გამოაცხადა, ცხინვალი და მოსკოვი თბილისს ახსენებენ, რომ “შეცდომის აღიარების” პარალელურად, ქართული პოლიციის პოსტი თბილისმა უნდა აიღოს.
თბილისმა შეცდომა აღიარა, ველით წნელისში საგუშაგოს მოხსნას – ცხინვალი
„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავებოდა, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები – მწვანე ბანერები და დროშები იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა. გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით, რაც ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა.
წულუკიანის თქმით, სუს-მა შსს-ს მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა ოსებისგან შეიტყო
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge