მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
თუ იზოლატორში ძალადობრივი გაშიშვლების მსხვერპლი გახდით, გამოგვეხმაურეთ — ელენე ხოშტარია - Netgazeti

თუ იზოლატორში ძალადობრივი გაშიშვლების მსხვერპლი გახდით, გამოგვეხმაურეთ — ელენე ხოშტარია - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ აპირებს გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი საქართველოს შესახებ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ფარგლებში, რომ დადგეს პასუხისმგებლობა იმ ადამიანებისა, რომლებმაც მიმართეს ღირსების შემლახველ მოპყრობას, იძულების გზით გაშიშვლებას იზოლატორებში, როგორც კონკრეტულად მისი, ისე სხვა არაერთი ადამიანის შემთხვევაში.

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი მოუწოდებს მსხვერპლ სხვა ადამიანებს, რომლებსაც მსგავსად მოეპყრნენ, საერთაშორისო წარმოების დასაწყებად მათ საქმეებთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ელენე ხოშტარიას პარტიას „დროა“, რომლის გუნდი ამ მიმართულებით მუშაობს.

ხოშტარიას წერილს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.

„დეტალურად გავეცანი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს:

1. მოცემულია სისხლის სამართლის დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი პალიტრა.

2. გარდა სხვადასხვა სიმძიმის ცალკეული დანაშაულებისა, მთავარი ბრალდება „სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დანაშაულია“, რასაც სრულიად სხვა ხარისხში გადაჰყავს ქვეყანა.

3. ეუთომ მოგვცა ბევრი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ რუსულ რეჟიმს.

აქედან გამომდინარე, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში ძალადობრივი გზით გაშიშვლებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი, ვიწყებ დოკუმენტში მოყვანილი ყველა მექანიზმის გამოყენებას სწორედ ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით, რომ მსგავსი ძალადობა, ჩემ გარდა, ბევრმა ადამიანმა გამოცადა საკუთარ თავზე. დოკუმენტი იძლევა სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმისა და სამართლებრივი პროცედურების გამოყენების საშუალებას.

შეგახსენებთ, 2025 წელს დიღმის იზოლატორში უკან ხელებშეკრული ფიზიკური ძალადობით გამაშიშვლეს. ეს კვალიფიცირდება ღირსების შემლახველ და არასათანადო მოპყრობად, რასაც ეთმობა ცალკე ნაწილი ამ დოკუმენტში.

ბუნებრივია, ჩემი ამოცანაა არა უბრალოდ ჩემს შემთხვევაზე მუშაობა, არამედ ამ პრაქტიკის ყველა სხვა მსხვერპლის ორგანიზება და თითოეული მოძალადის პასუხისგებაში მიცემა.

აქვე ხაზს ვუსვამ, რომ ჩემზე ძალადობისთვის სპეციალურად შსს-დან გამოიძახეს პოლიციელი და გაშიშვლების ძალადობრივი ოპერაცია მიმდინარეობდა სატელეფონო კომუნიკაციით გაცემული მითითებებით.

ჩემთვის ყველა მონაწილის გვარი ცნობილია. დადგება როგორც შემსრულებლების, ისე დამკვეთ-გადაწყვეტილების მიმღებების პასუხისმგებლობა. გამოყოფილია ცალკე იურისტი, რომელიც იმუშავებს ამ საქმეებზე.

თუ ხართ დროებითი მოთავსების იზოლატორში ძალადობრივი გზით გაშიშვლების პრაქტიკის მსხვერპლი და გსურთ, თქვენი საქმე საერთაშორისო წარმოებაში მიეცეს, გამოგვეხმაურეთ. “დროას” გუნდი ჩართულია პროცესში და დაგიკავშირდებიან“, — წერს ელენე ხოშტარია.

საკონტაქტო ინფორმაცია, თუ გსურთ, რომ „დროას“ გუნდის დახმარებით საერთაშორისო წარმოებაში მიეცეს თქვენი საქმე:

ტელეფონის ნომერი: 598 642 956მეილი: contact@droa.liveFB: www.facebook.com/droa.live

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშში

“მოსკოვის მექანიზმი” არის საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამოსაძიებლად. ის სულ 17-ჯერ არის გამოყენებული, საქართველოს ჩათვლით. ეს მექანიზმი რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ ბოლო 4 წელში [უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ] 4-ჯერ გამოიყენეს.

ამავე თემაზე:ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს – ლემონჯავა ელოდება „მოსკოვის მექანიზმით“ ბიძინა ივანიშვილს ჰააგა? – ინტერვიუ

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია