მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს სადიგოვს და გმობს მის გაძევებას - Netgazeti

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს სადიგოვს და გმობს მის გაძევებას - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს და გმობს მის გაძევებას საქართველოდან.

ქარტიის განცხადებით, აფგან სადიგოვის შემთხვევა აჩვენებს, თუ როგორ ეფექტურად შეუძლიათ თანამშრომლობა ავტორიტარულ ხელისუფლებებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გასათელად და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად.

„4 აპრილს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აზერბაიჯანელი რეპრესირებული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, დააკავა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფით, „წარმოშობის ქვეყანაში“, აზერბაიჯანში, გააძევა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს აუკრძალა, სასამართლოს მიერ აფგან სადიგოვის საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი ექსტრადირება აზერბაიჯანში, სადაც ჟურნალისტი შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და მისი თავისუფლება და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნებოდა.

მრავალ კითხვას აჩენს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებების კრიტიკოსი ჟურნალისტის დაკავების დრო (ილჰამ ალიევის ვიზიტის წინა დღეებში), ფორმალური მიზეზი (ზოგადი ხასიათის პოსტი სოციალურ მედიაში), დაკავების ფორმა (მოტყუებითა და დიდი საპოლიციო მობილიზებით) და ნაჩქარევი სასამართლო პროცესი (ჩაინიშნა და ჩატარდა ღამით).

Azel.tv-ს მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ჟურნალისტური საქმიანობისთვის წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანში. მის წინააღმდეგ ორჯერ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. აზერბაიჯანულ ციხეში ჟურნალისტმა დიდი ხნის განმავლობაში იშიმშილა.

2023 წელს აფგან სადიგოვი სერიოზულად შერყეული ჯანმრთელობით ჩამოვიდა საქართველოში სამკურნალოდ, ოჯახთან ერთად. თუმცა აქ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა და მესამე ქვეყანაში გასვლას გეგმავდა, რისი საშუალებაც ჟურნალისტს საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა. 2024 წლის აგვისტოში აფგან სადიგოვს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. მან ქართულ ციხეში 141 დღე იშიმშილა. აფგან სადიგოვი პატიმრობიდან შარშან აპრილში გირაოთი გათავისუფლდა. მისმა ოჯახმა საქართველო დატოვა.

აფგან სადიგოვის სისხლისსამართლებრივი დევნა აზერბაიჯანში 1 აპრილს შეჩერდა, 3 აპრილს მას მოუხსნეს შეზღუდვა გადაადგილებაზე, 4 აპრილს კი დააკავეს. ამ დროისთვის ადვოკატებს პრაქტიკულად მზად ჰქონდათ დოკუმენტები ჟურნალისტის მესამე ქვეყანაში გასაყვანად, თუმცა ქართულმა სასამართლომ მას არ მისცა საშუალება, ქვეყანა ნებაყოფლობით დაეტოვებინა.

აფგან სადიგოვის შემთხვევა აჩვენებს, თუ როგორ ეფექტურად შეუძლიათ თანამშრომლობა ავტორიტარულ ხელისუფლებებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გასათელად და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად.

ქარტია ჟურნალისტთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ აფგან სადიგოვის შემთხვევის მიმართ, იზრუნონ მის უსაფრთხოებაზე და გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, ჟურნალისტის დასაცავად აზერბაიჯანში, სადაც ის ამჟამად იმყოფება“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

4 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა. თბილისში სადიგოვის საცხოვრებელ ბინასთან მისული პოლიციის კადრებს სათვალთვალო კამერიდან აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჯ სადიგოვა ავრცელებს.

მისივე თქმით, პოლიცია კარის გატეხვას ცდილობდა, თუმცა აფგანმა მათ კარი თავად გაუღო, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და წაიყვანეს.

უწყების თანახმადვე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის – კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

აღსანიშნავია, რომ აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ცნობილი გახდა საქართველოში აზერბაიჯაბის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ. ალიევი თბილისს სადიგოვის გაძევებიდან მეორე დღეს ეწვია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია