
უცხოეთში მყოფები წვევამდელთა სამხედრო სამსახურისთვის საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ სათანადო უწყების ჩაბარებიდან გონივრულ ვადაში - Netgazeti
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, ვალდებული იქნება სათანადო შეტყობინების /უწყების ჩაბარებისთანავე გონივრულ ვადაში ჩამოვიდეს საქართველოში და გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შექმნილი გამწვევი კომისიის სხდომაზე.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები თავდაცვის კოდექსსა და საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში შედის.
საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისათვის და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის პირის გამოძახების პროცედურები.
წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, შეტყობინების/უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ეს არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღეს გამოქვეყნდება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ხოლო ეს შეტყობინება /უწყება ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.
ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილ ორგანოში.
ამასთან, პროექტის მიხედვით, პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება ჩაბარდეს ზემოაღნიშნული შეტყობინება/უწყება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ჩაირიცხება საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტისას, მას ნამსახურები აქვს 12 თვე, ხოლო ამ ვადის გაუსვლელობის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას 6 ან 8 თვის ვადით.
ცვლილების მიხედვით, პროფესიულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, თუ მას არ აქვს გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ასევე მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით.
ამასთან, ვინაიდან პროფესიული სამხედრო სამსახურის კონტრაქტის პირობების დარღვევა იწვევს ჯარიმის დაკისრებას, თავდაცვის კოდექსში ცვლილება შედის ამ კუთხითაც. კერძოდ, პროფესიული სამხედრო სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანილ პირს, კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის გადახდის ვალდებულება გადაუვადდება 8 თვის ვადით, ხოლო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჯარიმის გადახდის ვალდებულება საერთოდ შეუწყდება.
ამასთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული საკითხი გავრცელდება, როგორც საკონტრაქტო, ისე არასაკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge