მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
„ხალხის ძალა“ პლასტმასის აკრძალვის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს - Netgazeti

„ხალხის ძალა“ პლასტმასის აკრძალვის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

„ქართული ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალა“ მოითხოვს, გადაიხედოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი აპრილიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა, ხოლო 2027 წლის პირველი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე გაყიდვა.

გამონაკლისია მხოლოდ 3 ლიტრზე მეტი მოცულობის წყალი და 20 ლიტრზე მეტი მოცულობის სხვა სასმელები, რომლებიც არ ექვემდებარება აკრძალვას.

„კარგად გვესმის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა, შესწავლილ იქნას ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები და სწორად დაიგეგმოს ცვლილებები. ამიტომ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული. ეს რეგულაცია ფაქტობრივად აიძულებს საზოგადოებას, მოუმზადებლად გადავიდეს მინის ბოთლების მოხმარებაზე და ჩამოსასხმელ პროდუქციაზე“, — განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს, 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

„ხალხის ძალის“ შეფასებით, ასეთი „წინდაუხედავი გადაწყვეტილება“ გამოიწვევს:

პროდუქციის თვითღირებულების 20-დან 50%-მდე ზრდას; პროდუქციის არჩევანის შემცირებას; ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას; სამუშაო ადგილების დაკარგვას.

„მომხმარებელთან ერთად დაზარალდებიან დისტრიბუტორები, მცირე იმპორტიორები და მეწარმეები. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს ქვეყანაში გადამუშავების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ალტერნატიული შეფუთვის განვითარება, სუბსიდიები ბიზნესისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება ეკონომიკური შოკის ეფექტი. ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებისათვის საჭიროა, აკრძალვის ნაცვლად სისტემა გავხადოთ მართვადი. მთავარი პრობლემა არა პლასტმასი, არამედ მისი მართვაა. შევქმნათ გადამუშავების ინფრასტრუქტურა. შემოღებულ იქნას დეპოზიტური სისტემა, რაც ევროპაში აპრობირებული მეთოდია. „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას“, — დასძინა მაჭარაშვილმა.

პირველი აპრილიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა.

კერძოდ, 2026 წლის პირველი აპრილიდან აიკრძალა პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის პირველი იანვრიდან უკვე აკრძალულია.

პირველი აპრილიდან ასევე ძალაში შედის პლასტმასის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეგულაცია. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება. შეზღუდვა არ ვრცელდება პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალების და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.

2026 წლის პირველი ივლისიდან, ასევე, იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის პირველი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე, 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია