
საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი ბაქოში პოლიციამ დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა - Netgazeti
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც ქართულმა მხარემ აზერბაიჯანში გააძევა, დღეს, 6 აპრილს ადგილობრივმა პოლიციამ წაიყვანა, შემდეგ კი გაათავისუფლა.
თავდაპირველად ინფორმაცია აზერბაიჯანში ჟურნალისტის დაკავების შესახებ მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გაავრცელა. საქმეში, ადგილობრივი ადვოკატის გარდა, ჩაერთო საქართველოში მომუშავე ორგანიზაცია, “სოციალური სამართლიანობის ცენტრიც”, რომელიც იცავს სადიგოვის ინტერესებს როგორც საქართველოში, ისე სტრასბურგის სასამართლოში.
რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ ბაქოს პოლიციამ სადიგოვი გაათავისუფლა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მისი დაკავების სხვა დეტალები.
2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.
2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
საია: სადიგოვის გაძევება ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge