
რატომ წაიყვანა პოლიციამ აფგან სადიგოვი - უფლებადამცველის განმარტება - Netgazeti
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დაკავებული არ ყოფილა. მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის ინფორმაციით, პოლიციამ ისე გადაიყვანა განყოფილებაში, რომ ადგილზე არ აუხსნიათ ამის საფუძველი, რის გამოც სადიგოვის ახლობლებს ეგონათ, რომ დააკავეს.
აფგან სადიგოვი საქართველოდან გუშინ, 5 აპრილს გააძევეს. თავდაპირველად ის პოლიციელის შეურაცხყოფის საფუძვლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ”.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სხდომა შუა ღამის 03:00-დან 04:00 საათის შუალედში ჩაატარა და სადიგოვს, 2000-ლარიან ჯარიმასთან ერთად, ქვეყნიდან გაძევება განუსაზღვრა. მას მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსვლა აკრძალული აქვს.
აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ამის საფუძველზე ოფიციალური ბაქო წლებია მის ექსტრადირებას ითხოვდა. სადიგოვის ექსტრადირების საქმის დაწყების შემდეგ მისმა ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ, “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აუკრძალა სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ სამშობლოში სადიგოვი პოლიტიკური დევნისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყო.
თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანში გაძევება “არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ამ ადამიანის წინააღმდეგ”. ის ყურადღებას ამახვილებს მოვლენების ქრონოლოგიაზე:
პირველ აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა;2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს;3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა;4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ.
“ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან […] აფგან სადიგოვის საქმე არის პირველი შემთხვევა, როცა საქმეში ღიად და პირდაპირ იყო ჩართული საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სახელმწიფომ ის დაარღვია”, – წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, აფგან სადიგოვს უნდოდა წასვლა ევროპაში – ქვეყანაში, სადაც მის ცოლსა და ორ შვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. თუმცა სადიგოვს საქართველოდან გასვლა აკრძალული ჰქონდა. ამის მიუხედავად, მაინც ცდილობდა ჰუმანიტარული ვიზის მიღებას და ეს პროცესი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე დაიძრა. ამგვარად, სადიგოვს ჯერ საქართველოდან გასვლას და ოჯახთან გაერთიანებას უკრძალავდნენ და როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდა, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო დააკავეს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით აზერბაიჯანშიც გააძევეს – იქ, სადაც შესაძლოა კვლავ დადგეს საფრთხის ქვეშ მისი თავისუფლება და უსაფრთხოება.
ამავე თემაზე:
საია: სადიგოვის გაძევება ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს სადიგოვს და გმობს მის გაძევებასპოლიცია აფგან სადიგოვის სახლთან – სადიგოვის ცოლი კამერის ჩანაწერს ავრცელებს
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge