
„ლელო“ ითხოვს, რომ ანაკლიის პორტს ტრამპის სახელი დაერქვას - Netgazeti
„ძლიერი საქართველო – ლელო“ ითხოვს, რომ ანაკლიის პორტს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ინიციატივა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს, 7 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, „ქართული ოცნების“ დეკლარირებულად იზოლაციონისტური და მასზე დაყრდნობილი ანტიეროვნული, ანტიდასავლური პოლიტიკა საქართველოს საფრთხის წინაშე აყენებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მსგავსად, ერთადერთი მასშტაბური იდეაა, რომელიც შეერთებული შტატების და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია. ამ პროექტისადმი შტატების ინტერესი არ შენელებულა. სწორედ ანაკლიის პორტს შეუძლია ითამაშოს გარდამტეხი როლი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით.
საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისთვის საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის სტატუსი განისაზღვროს, როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი. სწორედ ამიტომ, საჭიროა ანაკლიის პროექტის რეალური განხორციელება და არა იმიტირებული პროცესი. ანაკლია არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის საქართველოს ეროვნული გეოპოლიტიკური არჩევანი და ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა. არსებობს ქვეყნის ინტერესები, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას — ანაკლია სწორედ ასეთი ინტერესია საქართველოსთვის.
ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად, დღეს სახელმწიფო შემდეგ პოლიტიკურ ნაბიჯებს უნდა დგამდეს და უნდა იძლეოდეს საჯარო, მკაფიო ვალდებულებებს:
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უნდა გამოცხადდეს ნომერ პირველ ეროვნულ პრიორიტეტად.პროექტში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს.ანაკლიის პორტი უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად. პროექტში არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების დომინაცია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ან ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებთან.ანაკლიის პროექტი და ყველა დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რათა არ დავუშვათ, რაც მოხდა არაბული ყალბი ინვესტიციების შემთხვევაში.
„სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ ამიერკავკასიაში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა „ტრამპის გზა“. ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს. ამის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ ანაკლიის პორტის აშენებით, რაც იქნება „ტრამპის გზის“ ლოგიკური გაგრძელება.
მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს: ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს „ტრამპის გზის“ კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ახლაც და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უზრუნველყოს ყველა ამ პირობის შესრულება. სწორედ „ძლიერ საქართველო – ლელოს“ აქვს კონკრეტული გეგმა და გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პორტის სწრაფად აშენებას და მასთან ერთად „ანაკლია სითის“ განვითარებას, რომელიც შექმნის ათეულ ათას სამუშაო ადგილს საქართველოსთვის.
ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთხელ გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა და არ უნდა მივცეთ ივანიშვილის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს კიდევ ერთხელ ჩააგდონ ეს დიდი იდეა. „ძლიერი საქართველო – ლელო“ იყო, არის და რჩება ანაკლიის პროექტის მთავარ მხარდამჭერად. ანაკლია სჭირდება ქვეყანას, ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს და ანაკლია აუცილებლად აშენდება“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge