
"ივანიშვილი ფაშინიანს არ ხვდება, კარაპეტიანს შეხვდებოდა "- სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი - Netgazeti
რუსი ოლიგარქისა და ოპოზიციის ლიდერის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი და სომხეთში პრორუსული პარტია “ძლიერი სომხეთის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნარეკ კარაპეტიანი წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს ხვდება, ნიკოლ ფაშინიანს კი უგულებელყოფს.
„ფოტოზე: საქართველოს ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი დღეს. იცით, როდის მივხვდებით, რომ ძლიერი დიპლომატია და ძლიერი ლიდერი გვყავს? მაშინ, როცა ჩვენი ყველაზე ახლო მეზობელი ქვეყნის ლიდერი შეწყვეტს ჩვენი პრემიერ-მინისტრის იგნორირებას და საბოლოოდ შეხვდება მას. მაგრამ დარწმუნებულები ხომ ვართ, რომ სამველ კარაპეტიანს სიამოვნებით შეხვდება და განიხილავს, როგორ განავითარონ სომხეთი და საქართველო”, – წერს ნარეკ კარაპეტიანი.
სომხეთში 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება ასევე რუსი ბიზნესმენის და ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტია. სამველ კარაპეტიანი რუსეთისა და კვიპროსის პასპორტებს ფლობს. მისი მხარდამჭერები მას სომხეთის მომავალ პრემიერ-მინისტრადაც მოიაზრებენ მას შემდეგ, რაც მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ კონსტიტუციის აღნიშნულ ჩანაწერს შეცვლიან და ცენზს გააუქმებენ. პოლიტიკურ ექსპერტებში არსებობს ვარაუდი, რომ მის პარტიას არჩევნებში ამ ფაქტორის გამო არ დაარეგისტრირებენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს თბილისში, საკუთარ ბიზნესცენტრში ბიძინა ივანიშვილმა 6 აპრილს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა სამთავრობო დელეგაცია ორივე მხრიდან. შეხვედრა ბიზნესცენტრში ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ გაიმართა. ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე “ქართულმა ოცნებამ” თბილისში აზერბაიჯანელი პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავა, გაასამართლა და აზერბაიჯანში გააძევა.
ფაშინიანმა პუტინს მიანიშნა, რომ არჩევნებში რუსი ოლიგარქი კარაპეტიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge