
ვინ ვინ არის ამ სისხლის სამართლის საქმეში, გაუგებარია — ბაღდოშვილი - Netgazeti
სამოქალაქო აქტივისტი შაკო ბაღდოშვილი ამბობს, რომ გუშინ პოლიციის განყოფილებაში 7 საათის განმავლობაში ატარებდნენ ე.წ. ამოცნობის პროცედურას და დარჩა შთაბეჭდილება, რომ აპირებენ თავდამსხმელებად სამოქალაქო აქტივისტები წარმოაჩინონ.
„სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს, უბრალოდ, ვინ ვინ არის ამ სისხლის სამართლის საქმეში — ვინ არის დაზარალებული, ვინ მომჩივანი და ვინ მოწმეა, აბსოლუტურად გაუგებარია. შვიდი საათი ვისხედით ერთმანეთის პირისპირ და შემდეგ ერთმანეთი უნდა ამოგვეცნო. სრულ ფარსში ვმონაწილეობდი. ასეთი განცდა მქონდა, რომ რაღაცა იგივე ხდებოდა, რაც თორნიკესა [თოშხუა] და მინდიაზე [შერვაშიძე] იყო. ამოცნობის, დადგმის ინსცენირება… მესმოდა ამოცნობის ოთახში, რომ ამომიცნეს, ეს ადამიანი არის შალვა ბაღდოშვილიო. ამბობდნენ, რომ ვაფურთხებდით, ვაგინებოდით და დაზარალებულების როლში იყვნენ და, მე მგონი, არ იყვნენ მაინცდამაინც დაზარალებულები“, — განაცხადა ბაღდოშვილმა „ტვ პირველთან“.
მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს, დილით კი დაიწყო პროვოკატორების მისვლა.
„ეტყობოდა, რომ ის ორი ადამიანი მოსული იყო ჩვენი შეურაცხყოფისთვის. ნამდვილად არ იყვნენ მემორიალთან პატივის მისაგებად , თორემ თუ იქ სანთლის დანთება უნდოდათ, შეეძლოთ, ეს გაეკეთებინათ. შედიოდნენ ისეთ საუბარში, რომელიც არც იმ მემორიალს ეკადრებოდა, ქალებს აყენებდნენ შეურაცხყოფას… ვცადეთ, რომ ეს ადამიანები გაგვერიდებინა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან და შეხლა-შემოხლა მოხდა“, — თქვა ბაღდოშვილმა.
„ტვ პირველი“ დაუკავშირდა ინციდენტის მონაწილეს საბა ხაჯალიას. მან უარყო, რომ მემორიალთან ვინმემ მიაგზავნა პროვოკაციისთვის.
„მე არ ვაპირებ თქვენთან კომენტარის გაკეთებას. გამოძიება მიმდინარეობს“, — თქვა საბა ხაჯალიამ.
სისხლის სამართლის კოდექსით, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 9 აპრილს რუსთაველზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც რუსთაველის გამზირზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტებსა და ორ პირს შორის დაპირისპირება მოხდა. კადრებში ჩანს, რომ შაკო ბაღდოშვილს ცხვირიდან სისხლი მოსდის, თუმცა ბოლოს ის დაიჭირეს.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge