
სადიგოვის ცოლი აზერბაიჯანის პროკურატურიდან საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილ წერილს აქვეყნებს - Netgazeti
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა, სოციალურ სივრცეში აქვეყნებს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სადიგოვის დეპორტაციის პროცესში.
2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]
2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
სადიგოვას განცხადებით, დოკუმენტი წარმოადგენს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება მისი მეუღლის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს და „დეპორტაციის გეგმის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს“.
გამოქვეყნებული წერილის ადრესატია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ამირან გულუაშვილი და ხელმოწერილია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის სახელით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 1 აპრილს, აზერბაიჯანის საგამოძიებო ორგანოს გადაწყვეტილებით, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეჩერდა. საქმე ეხებოდა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლს, მათ შორის გამოძალვის ბრალდებებს.
ამასთან, წერილში საქართველოს მხარეს სთხოვენ, რომ 2024 წლის 12 ივლისით დათარიღებული ექსტრადიციის მოთხოვნა სადიგოვთან დაკავშირებით „განუხილველად დატოვონ“.
სევინჩ სადიგოვა ამტკიცებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება და შესაბამისი კომუნიკაცია საქართველოსა და აზერბაიჯანის უწყებებს შორის მიუთითებს იმაზე, რომ სადიგოვის საქმე და მისი შემდგომი დეპორტაცია წინასწარ კოორდინირებული პროცესის ნაწილი იყო.
საია: სადიგოვის გაძევება ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იძულებით დააბრუნა აზერბაიჯანელი დევნილი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში, რითაც იგი რეალური რისკისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხის ქვეშ დააყენა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge