
პოლონეთში 5 თვის ჩვილის დაღუპვის გამო ქართველი დედა დააკავეს, მამას ეძებენ - Netgazeti
პოლონეთში, პოზნანში გარდაიცვალა ხუთი თვის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში დაზიანებებით შეიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დააკავეს დედა და ეძებენ მამას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ასევე დააკავეს მოლდოვის ორი მოქალაქე.
პოლონური მედიის ცნობით, 5 თვის ბიჭი საავადმყოფოში ხუთშაბათიდან პარასკევის ღამეს მოხვდა. ექიმებმა დათვალიერებისა და პირველადი დიაგნოსტიკის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს, რადგან ჩვილზე სავარაუდო ძალადობის კვალი შენიშნეს. მას მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა და თავის ქალის ძვალი გაბზარული ჰქონდა.
პოლიციამ საქმეზე სამი პირი დააკავა. პირველი მათგანიa ბიჭის 40 წლის დედა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.
„პოლიციამ დაადგინა, რომ ქალი მანამდე რამდენიმე დღით მოლდოვაში გაემგზავრა დაგეგმილი სამედიცინო პროცედურისთვის. ბავშვი ნაქირავებ ბინაში დატოვა ბიჭის მამის, საქართველოს მოქალაქის და ორი ნაცნობის, მოლდოვის მოქალაქეების მეთვალყურეობის ქვეშ“, — განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა.
დანარჩენი ორი დაკავებული სწორედ ეს ორი მოლდოველი ნაცნობია.
ყველა დაკავებულს ბრალი წარედგინათ იმაში, რომ ჯგუფურად მოქმედებით, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მიუხედავად, მისი ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების საფრთხე შექმნეს. მათ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობით, ბავშვის დედასა და ორ დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბავშვის მამას, საქართველოს მოქალაქეს, კვლავ ეძებენ. დაგეგმილია გარდაცვლილი ჩვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge