მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რას ითხოვენ ცხოველთა დამცველები მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით - Netgazeti
რას ითხოვენ ცხოველთა დამცველები მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით - Netgazeti

რას ითხოვენ ცხოველთა დამცველები მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით - Netgazeti

ნეტგაზეთი2 აპრილი, 2026, 12:31|netgazeti.ge

ცხოველების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ვეტერინარებმა დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც მიუსაფარი ძაღლების შესახებ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრეს.

საქმე ეხება მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვის პროგრამას, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო გასული წლიდან ახორციელებს. ასევე, იმ აქტივობებს, რომლებიც ამ პროგრამის სახელით ატარებენ. მაგალითად, საჭდის მქონე ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა, ბევრი ძაღლის ერთდროულად გადაყვანა ვიწრო გალიებით, აცრილი და სტერილიზებული ცხოველების დაუსახლებელ პუნქტებში გაშვება, სავარაუდო ევთანაზიისა და კრემაციის შემთხვევები და ა.შ.

რა ხდება მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით

“პროექტი ცხოველებისთვის” თანადამფუძნებელმა, ნათია ჩიქოვანმა განმარტა, რატომ არის მიუღებელი სტერილიზაცია/კასტრაციისა და ვაქცინაციის შემდეგ ცხოველების “ბუნებაში გაშვება” – როგორც ამას სააგენტოში ამბობენ – ნაცვლად იმისა, რომ ის დააბრუნონ იმავე გარემოში, საიდანაც წაიყვანეს.

“გასტერილებული ცხოველების სხვა ტერიტორიაზე გადასახლება და, მით უმეტეს, მათი დატოვება დაუსახლებელ ტერიტორიებზე, არის ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, არაჰუმანური აქტი […] გუშინ, პირველ აპრილს ზუგდიდელი ძაღლების ნაწილი მართლაც დააბრუნეს. ზუგდიდელი აქტივისტები დილის 7 საათიდან პატრულირებდნენ ქუთაისის თავშესაფართან, რომ ენახათ, სად წაიყვანდნენ ძაღლებს. დაახლოებით 28 ძაღლი ჩამოსვეს სრულიად უკაცრიელ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ ერთი ქარხანაა და არის ავტომაგისტრალი, რომელიც ხშირად იმსხვერპლებს ხოლმე ცხოველებს და ადგილობრივი ცხოველმოყვარულები “სიკვდილის გზას” ეძახიან. ცხოველების ტრანსპორტირება ხდება არაჰუმანურ პირობებში. ძაღლები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, საერთო, ვიწრო გალიებში იყვნენ განთავსებული, ნაჩხუბრები და დასტრესილები”, – თქვა ნათია ჩიქოვანმა.

ნათია ჩიქოვანი ეხმაურება სააგენტოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიჰყავთ საჭდის მქონე ძაღლები თავშესაფარში: სააგენტოში განმარტეს, რომ ყურზე დამაგრებული საჭდე ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ძაღლი აცრილია. ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ განმარტა, რომ საჭდის მქონე ძაღლის შემთხვევაში, შესაძლოა, იმუნიზაციის პერიოდი გასული იყოს და მას განმეორებითი აცრა სჭირდებოდეს.

ნათია ჩიქოვანი ამბობს, რომ უკვე იდენტიფიცირებული ძაღლისთვის აცრის ხელმეორედ გაკეთება ადგილზეცაა შესაძლებელი და ამისთვის მისი თავშესაფარში გადაყვანა საჭირო არ არის.

“ცუკაფონდის” დამფუძნებელმა, სალომე კვარაცხელიამ ისაუბრა იმ სავარაუდო დარღვევების შესახებ, რომლებსაც გორის თავშესაფარში ჰქონდა ადგილი. გუშინ, პირველ აპრილს, ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა გაავრცელა ვიდეო გორის თავშესაფრიდან. ვიდეოში ჩანს, რომ თავშესაფრიდან კვამლი ამოდის. ელიზბარაშვილის ინფორმაციით, პირველი აპრილის ღამეს თავშესაფარში კრემატორიუმი ჩართეს.

“მას შემდეგ, რაც სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ თავშესაფარში, რამდენიმე წუთში (ღამის 12 საათზე) აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის და ბეწვის საშინელი სუნი დგას. ახლა დილის ოთხის ნახევარია და კრემატორიუმის ღუმლიდან კვამლი არ გაჩერებულა. არ მინდა ვიფიქრო, რომ იქ ცოდვის ტირილი ტრიალებს”, – წერდა ელიზბარაშვილი ვიდეოს გამოქვეყნებისას.

სალომე კვარაცხელიას თქმით, თუ დავუშვებთ, რომ 7 საათის განმავლობაში თავშესაფარში “ბუნებრივი სიკვდილით” გარდაცვლილი ცხოველების ლეშს წვავდნენ – როგორც ეს თავად განმარტეს – უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ეპიდემიასთან.

“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ჯანმრთელი ან განკურნებადი ძაღლის დაძინება აკრძალულია. ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ცხოველს აქვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა, ან განუკურნებელი დაავადება, ან ავლენს უკიდურეს აგრესიას, ამ გადაწყვეტილების მიღებას კი, კანონის შესაბამისად, სპეციალური კომისიის დასკვნა სჭირდება. გარდა ამისა, ევთანაზია კეთდება მხოლოდ სპეციალური, მკაცრად კონტროლირებადი მედიკამენტებით და მხოლოდ ვეტერინარის მიერ. თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს, ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით. ეს დოკუმენტები გორის თავშესაფარს არ წარმოუდგენია, რადგან, სავარაუდოდ, მათ ეს დოკუმენტები არც აქვს. თუ გორის თავშესაფრის ადმინისტრაცია განაცხადებს, რომ ცხოველები, რომელთა ლეშიც 7 საათის განმავლობაში კრემატორიუმში იწვებოდა, ე.წ. “ბუნებრივი სიკვდილით” დაიხოცნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მინიმუმ თავშესაფარში დაიწყო მძიმე ეპიდემია, რადგან შეუძლებელია ამდენი ცხოველი ერთდროულად დაიხოცოს. კანონი ასეთ დროს პირდაპირ ავალდებულებს შესაბამის სტრუქტურებს, დაუყოვნებლივ შეატყობინონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გამოაცხადონ კარანტინი. რა თქმა უნდა, გორის თავშესაფარში არც მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან სხვა მტკიცებულებები არ არსებობს”, – განაცხადა სალომე კვარაცხელიამ.

“ცხოველთა სახალხო ფრონტის” დამფუძნებელმა, თიკო კვალიაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ტენდენციაზეც, როცა პატრონები ცხოველებს ქუჩაში ტოვებენ. მისი თქმით, მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მათი მიტოვებაა.

“მნიშვნელოვანია ქუჩაში ცხოველის გაგდების ფაქტების ძალიან მკაცრი და აქტიური კონტროლი. ამ საკითხსაც არეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა კანონის არც ამ მნიშვნელოვანი ნაწილის აღსრულება დაუწყია “ქართულ ოცნებას”.პატრონიან ცხოველებს მოეთხოვებათ ჩიპირება. ჩიპირებული ცხოველის პატრონის ამოცნობა მარტივია. შესაბამისად, თუკი ასეთი ცხოველი ქუჩაში მოხვდება, მისი პატრონი დაჯარიმდება. ჩიპირების მასობრივად წახალისების აპრობირებული მეთოდია, რომ ჩიპირების ვალდებულება აკონტროლონ კლინიკებმა. დღეს კანონში წერია, რომ თუ გადაუდებელი შემთხვევა არაა, კლინიკა და გრუმინგ სალონიც კი არ მოემსახურება დაუჩიპავ ცხოველს, სანამ ჩიპირება არ იქნება ჩატარებული.რა თქმა უნდა, როგორც ჩიპირება, ისე სტერილიზაცია უნდა იყოს ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი როგორც ფინანსურად, ისე ფიზიკურად. დღეს არის არა მხოლოდ ბევრი ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერი, არამედ რეგიონების უმეტესობაში ფიზიკურად არ არის კლინიკები და მედპერსონალი, რომელიც გაწაფულია სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურის საერთაშორისო სტანდარტით განხორციელებაში”, – ამბობს თიკო კვალიაშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.

ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტმა, მარიამ ჩხიკვიშვილმაც. მან ყურადღება გაამახვილა იმ საერთაშორისო სტანდარტებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა ახორციელებდეს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო.

ჩხიკვიშვილის განმარტებით, არსებობს ცხოველთა მენეჯმენტის საერთაშორისო კოალიციის (ICAM) დამტკიცებული ჰუმანური სტანდარტი მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვისთვის. ეს სტანდარტი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

“აუცილებელია ჯერ დავითვალოთ ცხოველების რაოდენობა როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა რეგიონში. დათვლის შემდეგ უნდა განისაზღვროს ბიუჯეტი, რესურსები და გასასტერილებელი ცხოველების რაოდენობა, რადგან იმისათვის, რომ ქუჩაში იკლოს პოპულაციამ, აუცილებელია მდედრი ძაღლების მინიმუმ 70% ის სტერილიზება. პარალელურად კი გასათვალისწინებელი და აღმოსაფხვრელია ქუჩაში ცხოველების ხელოვნურად დამატების რისკებიც”, – ამბობს მარიამ ჩხიკვიშვილი.

“მიუსაფარ ცხოველთა კლუბის” დამფუძნებელმა, იურისტმა ნანუკა ძირტკბილაშვილმა ისაუბრა იმ სამართლებრივი ცვლილებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. პირველ რიგში მან ყურადღება გაამახვილა განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც “აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება”.

იურისტი მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი უნდა გაუქმდეს. ძირტკბილაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერი ბუნდოვანია – “მითითებული არ არის არეალის რადიუსები”. ცხოველთა დამცველი აცხადებს, რომ არეალის დაკონკრეტების შემთხვევაშიც კი, ეს ჩანაწერი ლოგიკურ აზრს მოკლებულია.

“ცხოველებს ახასიათებთ მიგრაცია და შეუძლიათ ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილება. ძაღლი მაინც დაუბრუნდება თავის პირვანდელ საცხოვრებელ არეალს ან მას ჩაანაცვლებს სხვა მიუსაფარი. შესაბამისად, ეს ჩანაწერი ფაქტობრივად კრძალავს ცხოველის დაბრუნებას დასახლებულ პუნქტში და არის არაპრაქტიკული და არაჰუმანური ჩანაწერი. სურსათის ეროვნული სააგენტო ახლა სწორედ ამას გვეუბნება, რომ ისინი ცხოველებს დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ტყეში და ე.წ. “ბუნებში” გაუშვებენ, რაც დაუშვებელია საერთაშორისო ჰუმანური სტანდარტის მიხედვით”, – განაცხადა ნანუკა ძირტკბილაშვილმა.

“პროექტი ცხოველებისთვის” თანადამფუძნებელმა, მარიამ ცერცვაძემ განაცხადა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამას ახორციელებს გაუმჭვირვალედ და მთელი რიგი დარღვევებით. მან ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც, ცხოველთა დამცველების შეფასებით, აუცილებელია გადაიდგას არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

“ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალობას! “ქართულ ოცნებას” ძალიან უყვარს ამ სიტყვის გამოყენება. შესაბამისად, ჩვენც მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან განხორციელებული პროგრამის აღსრულება იყოს გამჭვირვალე. კერძოდ:

მარიამ ცერცვაძის ინფორმაციით, უფლებადამცველი აქტივისტები მუშაობენ აპლიკაციაზე, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, აღრიცხონ მათი მიკედლებული, ან უბრალოდ მათ გარშემო მცხოვრები ძაღლები. ძაღლების აღრიცხვა – ფოტო/ვიდეოგადაღება და აღწერა – მნიშვნელოვანია მათი გამრავლების მართვისა და დაცვისთვის.

ამავე თემაზე:

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი

“ფაშინიანის საუბარი პუტინთან სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალი რეალობის ასახვაა”

“ფაშინიანის საუბარი პუტინთან სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალი რეალობის ასახვაა”

ნეტგაზეთი

პუტინის ულტიმატუმი ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირზე და ფაშინიანის პასუხი

პუტინის ულტიმატუმი ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირზე და ფაშინიანის პასუხი

ნეტგაზეთი