
პუტინის ულტიმატუმი ევრაზიულ კავკშირსა და ევროკავშირზე და ფაშინიანის პასუხი - Netgazeti
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ამჟამად ახერხებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის შეთავსებას და თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სომხეთის მოქალაქეები მიიღებენ. „არმენპრესის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ორივე გაერთიანების წევრობა პრინციპულად შეუთავსებელია, თუმცა ამ ეტაპზე არსებული დღის წესრიგი თავსებადია.
იმავე შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბაჟო სივრცეებში ერთდროულად ყოფნა.„ევროკავშირსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბაჟო კავშირში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ შეუძლებელია თავად განმარტებით“, – თქვა პუტინმა.
„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ის დღის წესრიგი, რომელიც გვაქვს, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის, თავსებადია. ეს ფაქტია. სანამ ამ დღის წესრიგების შეთავსების შესაძლებლობა არსებობს, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, როდესაც პროცესები მიაღწევს იმ ეტაპს, როცა არჩევანის გაკეთება გახდება საჭირო, გადაწყვეტილებას სომხეთის მოქალაქეები მიიღებენ.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობები პრიორიტეტულია და ეჭვქვეშ ვერ დადგება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge