მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ევროსაბჭოს კონგრესის დასკვნით, საქართველოში დემოკრატია სწრაფად იხევს უკან - Netgazeti

ევროსაბჭოს კონგრესის დასკვნით, საქართველოში დემოკრატია სწრაფად იხევს უკან - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის გამო.

კონგრესმა განიხილა სტიუარტ დიქსონის (გაერთიანებული სამეფო, ILDG) მიერ წარდგენილი ანგარიში, რომელიც ეფუძნებოდა 2025 წლის 24-25 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ფაქტების შემსწავლელ ვიზიტს, და დაასკვნა, რომ ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა დემოკრატიული პროცესების უკან დახევის სწრაფი ტემპის, მაღალი პოლარიზაციის, ადგილობრივ ხელისუფლებაზე ერთპარტიული მმართველობისა და დემოკრატიული სტანდარტების აღსადგენად წარსულში გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის ფონზე.

„კონგრესმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე უარყოფითი გავლენა იქონია პოლიტიკური დიალოგისა და კონკურენტუნარიანობის ნაკლებობამ, ფართომასშტაბიანმა ბოიკოტებმა, საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირმა და პრობლემურმა ცვლილებებმა, ქალთა არასაკმარისმა წარმომადგენლობამ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კანდიდატების აკრძალვის, დაშინებისა და დაკავების მცდელობებმა.კონგრესმა სინანული გამოთქვა, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირები — განსაკუთრებით ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია — გახდნენ მზარდი დაშინების, დაკავებებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის სამიზნე, რაც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ასევე აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში პირველად, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების (მათ შორის, კონგრესის მისიის) გარეშე, მაშინ როცა დამკვირვებელთა უფლებები შეზღუდული იყო“, — ნათქვამია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრესრელიზში.

თავის რეზოლუციასა და რეკომენდაციაში კონგრესმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო დიალოგის ხელშეწყობა და 2025 წლის საარჩევნო პროცესის მიმართ აუცილებელი ნდობის მოპოვება, რამაც მუნიციპალიტეტების ნახევარში არჩევნები ერთპარტიულად აქცია, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში გაისმა ბრალდებები ოპოზიციონერ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ. ამავდროულად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებამ და მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივმა დევნამ, კიდევ უფრო დაახშო პოლიტიკური პლურალიზმი.

კონგრესს მიაჩნია, რომ ყველა ამ საკითხის დამაზიანებელმა ეფექტმა ვერ შექმნა დემოკრატიული პირობები ინკლუზიური, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და საქართველო კიდევ უფრო დააშორა მის ევროპულ ვალდებულებებს, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას.

კონგრესის წევრებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ განაახლონ პოლიტიკური დიალოგი მმართველობის ყველა დონეზე ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მეშვეობით, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, რათა შემცირდეს პოლარიზაცია და აღდგეს პლურალისტური დემოკრატიისთვის აუცილებელი შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები.

ხელისუფლებას ასევე მოუწოდეს, სხვა საკითხებთან ერთად:

შეწყვიტონ ოპოზიციური ხმების კრიმინალიზაცია და გააუქმონ ის ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას; შეასრულონ კონგრესის აქამდე გაუცემელი რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის დასკვნები და აღადგინონ ნამდვილი ადგილობრივი დემოკრატია ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესაბამისად;გააუქმონ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს და ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას, ისევე როგორც ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს.

ამავდროულად, კონგრესმა ხაზი გაუსვა მზადყოფნას, გააგრძელოს პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ შორის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის გამოყენების მონიტორინგის მიზნით მისიის სასწრაფო ორგანიზების გზით.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე. თბილისის საკრებულოს ცნობით, ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ კონგრესის რეზოლუცია სრულიად ეწინააღმდეგება რეალობას და მასში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე შეიქმნა ახალი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ (Patriots for Europe in Congress), რომელშიც „ქართული ოცნება“ გაწევრიანდა.

პოლიტიკურ ჯგუფს ვიქტორ ორბანის პარტიის წევრი ანა მაგიარი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრეზიდენტებად კი აირჩიეს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე და ჩეხი რიჩარდ ვერესი.

„ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია