
მოლდოვამ დსთ დატოვა - Netgazeti
მოლდოვის პარლამენტმა დენონსაცია (საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტა) გაუკეთა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას, მასთან დაკავშირებულ ოქმს, ასევე დსთ-ის წესდებას.
„ამ შეთანხმებების დენონსაცია ინიციირებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომლის თანახმადაც დსთ-ის ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები არ არის დაცული, კერძოდ, დებულება, რომლის მიხედვითაც წევრი სახელმწიფოები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და არსებული საზღვრების ურღვეობას. ეს პრინციპი, რომელიც დსთ-ის შექმნის საფუძველი იყო, ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ჩაიდინა აგრესიის აქტები საქართველოს წინააღმდეგ და უკანონოდ ინარჩუნებს სამხედრო ჯარებს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, — ნათქვამია მოლდოვის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ დსთ-ის შეთანხმების დენონსაცია ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად ბუნებრივი და გარდაუვალი ქმედებაა.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ შეთანხმებას და ამ შეთანხმების ოქმს ხელი მოაწერეს 1991 წლის დეკემბერში 11-მა ყოფილმა საბჭოთა სახელმწიფომ, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკამ.
კიშინიოვი აცხადებს, რომ დსთ-ის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობები დენონსაციის შემდეგაც გაგრძელდება ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე და მოლდოვას რესპუბლიკა კვლავ დსთ-ის რამდენიმე ხელშეკრულების მხარედ დარჩება, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში.
დღეისათვის, მოლდოვას რესპუბლიკამ დსთ-სთან დაკავშირებული 70 შეთანხმება გააუქმა, რაც ეროვნული პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანისა და ქვეყნის საკანონმდებლო და ეკონომიკური ჩარჩოს მოდერნიზაციის მიმდინარე პროცესის ნაწილია.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge