მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
„ენერგეტიკული ხიდი: ბაქოსა და თბილისის როლი ევროპული ბაზრის მდგრადობისთვის„ - აზერბაიჯანული მედია - Netgazeti

„ენერგეტიკული ხიდი: ბაქოსა და თბილისის როლი ევროპული ბაზრის მდგრადობისთვის„ - აზერბაიჯანული მედია - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანული სამთავრობო მედია ქართულ მხარეს “არამეგობრულ” ნაბიჯებში ადანაშაულებდა და ულტიმატუმის ენით საუბრობდა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მიმართ, აზერბაიჯანულ პროსამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Trend.az-ის დღეს გამოქვეყნებული სტატიის – სახელწოდებით „ენერგეტიკული ხიდი: ბაქოსა და თბილისის როლი ევროპული ბაზრის მდგრადობის უზრუნველყოფაში“- მიხედვით, 2026 წლის დასაწყისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სტაბილურად ფართოვდება, რასაც თან ახლავს ვაჭრობის ზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტების გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინაციის გაღრმავება.

2026 წლის დასაწყისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარტნიორობა „სტაბილურ აღმავალ დინამიკას“ აჩვენებს და ორმხრივ ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიაში „რეგიონული ინტეგრაციის მთავარ ლოკომოტივად“ აქცევს – ნათქვამია აზერბაიჯანული პროსამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მასალაში.

პოლიტიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წლის თებერვალში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი თურქეთისა და საქართველოს პარლამენტარების დელეგაციებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები იყო პარტნიორობა და რეგიონული უსაფრთხოება. მხარეებმა განიხილეს „მოკავშირეობრივი ურთიერთობები ანკარასთან და სტრატეგიული პარტნიორობა თბილისთან“, ასევე- რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამმხრივ თანამშრომლობას. როგორც მასალაშია აღნიშნული, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მე-10 სამმხრივმა შეხვედრამ „დამატებითი იმპულსი მისცა“ თანამშრომლობას. ამავე ფორმატში გამართული საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრები „თანმიმდევრულად უწყობს ხელს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაში“.

პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება. 2026 წლის იანვარში ორმხრივმა საქონელბრუნვამ 77.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-ით მეტია. აზერბაიჯანიდან ექსპორტი გაიზარდა 7.3%-ით (69.3 მილიონ დოლარამდე), ხოლო არანავთობპროდუქტების ექსპორტი – 19.4%-ით (31.6 მილიონ დოლარამდე). შედეგად, საქართველო აზერბაიჯანული არანავთობპროდუქციის იმპორტიორებს შორის მესამე ადგილზე გავიდა 11.78%-იანი წილით.

მთლიანობაში, 2025 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწია (ზრდა – 3.8%), ხოლო 2026 წლის იანვარ-თებერვალში, აზერბაიჯანული მონაცემებით, ბრუნვა კიდევ უფრო გაიზარდა – 18.9%-ით, 176.6 მილიონ დოლარამდე. აზერბაიჯანი ამ დროისთვის საქართველოს მეხუთე სავაჭრო პარტნიორია 5.3%-იანი წილით.

როგორც გამოცემა წერს, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა პარტნიორობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რჩება. 2025 წელს აზერბაიჯანმა საქართველოში 143.9 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა (FDI-ის 8.5%), ხოლო ჯამურმა ინვესტიციებმა 3.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ქვეყანაში მოქმედი აზერბაიჯანული კაპიტალის მქონე კომპანიების რაოდენობა 1660-ს აღწევს.

“ამავე პერიოდში საქართველოს ინვესტიციები აზერბაიჯანში 2.6-ჯერ გაიზარდა და 91.3 მილიონ დოლარს მიაღწია. ენერგეტიკის სფეროში, 2025 წელს, აზერბაიჯანმა საქართველოს 2.3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი მიაწოდა, 250.3 მილიონი დოლარის ღირებულებით.

სტაბილურად ფუნქციონირებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთკავკასიური გაზსადენი, ხოლო საქართველო გეგმავს შუა დერეფნის ძირითადი საგზაო მონაკვეთების დასრულებას 2026 წელს. მხარეები ასევე განიხილავენ საბაჟო პროცედურების გამარტივებასა და ერთობლივი სასაზღვრო პუნქტების შექმნას”.

პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმაც არაერთხელ ისაუბრეს. 2025 წლის 16 აპრილს ბაქოში გამართულ ერთობლივ განცხადებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა:

„თუ დღეს ვსაუბრობთ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, მისი წარმოდგენა შეუძლებელია აზერბაიჯანისა და საქართველოს გარეშე. ამჟამად აზერბაიჯანი ბუნებრივი გაზის ექსპორტს 12 ქვეყანაში აწარმოებს, მათ შორის საქართველოში, ეს ექსპორტი კი საქართველოს გავლით ხორციელდება“.

მისივე თქმით, ერთობლივი პროექტები „ცვლის არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ მთლიანად ევრაზიის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ რუკას“.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მრავალწლიანი პოლიტიკა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებსა და ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარტნიორობის გაძლიერებაზე.

მასალის მიხედვით, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები და ინფრასტრუქტურული პროექტები ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უკვე იძლევა „რეალურ შედეგებს“ და აქვს „მკაფიო პოტენციალი შემდგომი განვითარებისათვის“, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობას.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია