
შუაღამის სასამართლოზე სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევეს - Netgazeti
თბილისის საქალაქო სასამართლოში შუაღამით გამართულ პროცესზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო ადმინისტრაციული წესით, ფეისბუკ პოსტის გამო დაკავებული ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება.
ხელისუფლება რომ ამას აპირებდა, თავიდანვე ეჭვობდნენ სადიგოვის უფლებადამცველები. ამ ვარაუდის საფუძველი იყო ის, რომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში სადიგოვის მიმართ არსებული სისხლისსამართლებრივი დევნა მოულოდნელად შეწყდა. შესაბამისად, ქართულ მხარეს მიეცა მისი დეპორტაციის ფორმალური საფუძველი, თუმცა არის ეჭვი, რომ როგორც კი სადიგოვს აზერბაიჯანში ჩაიყვანენ, მის წინააღმდეგ ხელახალ დევნას მაშინვე დაიწყებენ.
რა წერია პოსტში, რის გამოც სადიგოვი დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს? – “იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.”
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის შეფასებით, ეს პოსტი მხოლოდ საბაბი იყო აფგანის დასაკავებლად და დეპორტაციისთვის. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს სადიგოვის უფლებებს.
როგორც ირკვევა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სადიგოვის დაცვის შუამდგომლობები, მათ შორის საქმეში არ დაერთო ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უკრძალავს სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემას. ასევე არ დააკმაყოფილა ნებაყოფლობით დეპორტაციის შუამდგომლობა, სადიგოვი მზად იყო თვითონ წასულიყო საქართველოდან ოღონდ არა აზერბაიჯანში, არამედ სხვა მესამე, მისთვის უსაფრთხო ქვეყანაში, სადაც უკვე ცხოვრობს მისი ცოლშვილი.
“სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ღამის 4 საათზე. მოსამართლე, თორნიკე ქოჩქიანმა პროცესზე არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს არ დაურთო მისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის [სადიგოვის] მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა. შესაბამისად, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მას შეეძლო ნებაყოფლობით დაეტოვებინა ქვეყანა და ეს შანსი სასამართლოს მისთვის უნდა მიეცა. ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის. ამდენი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევდა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რის გამოც მანამდე თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო”, – წერს თამთა მიქელაძე.
“სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოსა და კონვენციის ასეთი ხარისხის შერყევა ბოლო წლების არც ერთ საქმეში არ მინახავს. ეს არის კატასტროფა. ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ამ ადამიანის წინააღმდეგ. დააკვირდით: 1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა. 2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს. 3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა. 4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ. ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან”, – აცხადებს მიქელაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული. აფგან სადიგოვი პოლიციამ სახლში დააკავა 4 აპრილის საღამოს.
შსს-ს ცნობით, სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაწყებული:
“აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
4 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა. თბილისში სადიგოვის საცხოვრებელ ბინასთან მისული პოლიციის კადრებს სათვალთვალო კამერიდან, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჯ სადიგოვა ავრცელებს.
მისივე თქმით, პოლიცია კარის გატეხვას ცდილობდა, თუმცა აფგანმა მათ კარი თავად გაუღო, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და წაიყვანეს.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge