მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
შალვა პაპუაშვილი მოლდოვის პრორუსული ოპოზიციის დელეგაციას შეხვდა - Netgazeti

შალვა პაპუაშვილი მოლდოვის პრორუსული ოპოზიციის დელეგაციას შეხვდა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

შალვა პაპუაშვილი მოლდოვის პრორუსი ოპოზიციონერი დეპუტატებით დაკომპლექტებულ საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

„ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა და დავადასტურეთ ინტერესი მათი შემდგომი განვითარების მიმართ, განსაკუთრებით საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოების გზით“, — დაწერა მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „ბოლო წლებში საქართველო ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების დაცვისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების მიმართულებით, რაც კარგი მაგალითია მოლდოვის რესპუბლიკისთვისაც“.

„არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში ქვეყანა აჩვენებს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, რაც დიდწილად დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკისა და დაბალანსებული გადაწყვეტილებების შედეგია, მათ შორის სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმის გამო“, — წერს დოდონი.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შორის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა.

„მოლდოვურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ტურბულენტურ და დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში, წლების განმავლობაში ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვისკენაა მიმართული. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, რასაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენებიც უწყობს ხელს“, — ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტში მოლდოიას პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ისკო დასენმა და ყოფილმა დეპუტატმა, პაპუაშვილის მრჩეველმა გიორგი ხელაშვილმა.

პირველ აპრილს, „ქართული ოცნების“ მოწვევით, საქართველოს ესტუმრნენ მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და სამი ოპოზიციური ფრაქციის — სოციალისტები, „ალტერნატივა“ და „დემოკრატია შინ“ — წარმომადგენლები.

შალვა პაპუაშილის თქმით, მოლდოვის მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბოლო მომენტში გამოეთიშნენ მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას.

„ბოლო მომენტში მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეთიშნენ ამ დელეგაციას. საუბრობდნენ, რომ იყო ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა, რომ ჩამოსულიყო, რაც ცოტა გაუგებარია. რა არის დასაბლოკი იმაში, რომ საქართველოს პარლამენტში ჩამოვიდეს მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი?! ეს ხომ არ არის თვითდასახელებული ჯგუფი — ეს არის მოლდოვის პარლამენტის მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელსაც ჰყავს თავმჯდომარე. არ ვიცი მე, მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს საქართველოსთან გასაყოფი“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

იგორ დოდონი 2016-2020 წლებში იყო მოლდოვის პრეზიდენტი. ის პრორუსული „სოციალისტური პარტიის” არაფორმალური ლიდერია. დოდონი რუსეთთან დაახლოებული პირია და მის ღია მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოხატავდა.

მოლდოვის მე-5 პრეზიდენტი 2022 წლის 24 მაისს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. 26 მაისიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 19 ნოემბერს შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლეს.

მოლდოვის ექსპრეზიდენტი სამშობოლოს ღალატშია ეჭვმიტანილი
რა განიხილეს მოლდოვის პრორუსმა დეპუტატებმა „ოცნების“ წევრებთან შეხვედრაზე
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია