
თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება? - მთავარეპისკოპოსი ზენონი განათლების კრიტერიუმზე - Netgazeti
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა სინოდის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას დააფიქსირა პოზიცია სავარაუდოდ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე. მათ შორის არის პატრიარქობის კანდიდატის ასაკის ზედა ზღვარი და მისთვის აუცილებელი სასულიერო განათლება.
ზენონ იარაჯული ამბობს, რომ პატრიარქობის კანდიდატისთვის კანონიკური სამართალი არ აწესებს ზედა ასაკობრივ ზღვარს. ამიტომ, მისი თქმით, იმპერატიულად არ უნდა მივიღოთ ჩანაწერი საქართველოს საპატრიარქოს დებულებაში, როლის მიხედვითაც პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა.
“ასაკობრივ ზედა ზღვარს არ ადგენს კანონიკური სამართალი. ამიტომ, კანონიკურად, 35 წლის ზევით ვერავის კანდიდატურას ვერ მოხსნი ასაკის გამო. მაგრამ, ჩვენს დებულებაში 70 წლამდე არის ეს ზღვარი დადგენილი. რამდენადაც ეს არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას, ამდენად იგი ექვემდებარება ცვლილებას. 70 და 60 წელი არის ზუსტად ის [შესაფერისი] ასაკი პატრიარქისთვის. მთავარი არის ფუნქციონირებდეს სისტემა, თორემ პატრიარქი ნამვილად უნდა იყოს იმ ასაკის – ფსიქოლოგიურად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – რომ ჩვენ უნდა ვაპატრიარქოთ იგი”, – განაცხადა ზენონ იარაჯულმა.
რაც შეეხება უმაღლეს სასულიერო განათლებას, ზენონ იარაჯული ამბობს, რომ მსგავსი ის აუცილებელი არ არის მღვდელმთავრისთვის და “პატრიარქიც მღვდელმთავარია”.
“მღვდელმთავრები არიან, ვისაც შეიძლება არ ჰქონდა სასულიერო უმღლესი განათლება, მაგრამ პატრიარქიც მღვდელმთავარია. თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება? თბილისში რატომ არ შეიძება იყოს უდიოლომოდ და რატომ შეიძლება, მაგალითად, ქუთაისში იყოს, ან რუსთავში იყოს”, – განაცხადა იარაჯულმა.
გარდა ამისა, მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ უკვე ჰყავს შერჩეული მღვდელმთავრები, ვისაც პატრიარქობის კანდიდატად დაასახელებს. თუმცა, მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
“ჩემი კანდიდატები არიან ისინი, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან. მათ შორის ავარჩევ”, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
ამ წუთებში საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა მოიწვია აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით “სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები”.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge