
სოხუმი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში არ უნდა შევიდეს - Netgazeti
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შედეგებს ეხება.
ზახაროვა: რუსეთი საქართველოს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს, თუ ის EU-ში გაწევრიანდება
“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით გაეცნო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით და იზიარებს რუსეთის პოზიციას საქართველოს ევროკავშირში შესვლის შესაძლო შედეგებზე”, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
აქვე წერია, რომ უწყება ყურადღებით აკვირდება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის განვითარებას და ასკვნის, რომ საქართველოს პოლიტიკა არ უწყობს ხელს რეგიონში ნდობის განმტკიცებას, რასაც, აფხაზური მხარის განცხადებით, ადასტურებს არაერთი ფაქტი: ქართული მხარის პერიოდული განცხადებები, სამხედრო თანამშრომლობა NATO-სთან, აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე უარი, ასევე საქართველოს პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ.
“მსგავსი ქმედებები ვერ შეფასდება სხვაგვარად, თუ არა როგორც ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს რეგიონულ სტაბილურობაზე და ზრდის დაძაბულობის დონეს.
კიდევ ერთი სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორია საქართველოს დესტრუქციული პოზიცია, რომელიც კერძოდ გამოიხატება აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერაზე უარით, რაც ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი მიზანია. თავის მხრივ, აფხაზური მხარე დისკუსიების ყოველ რაუნდზე ხაზს უსვამს ამ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სწორედ თბილისი აფერხებს რეგიონში მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებას. ჩვენ თანმიმდევრულად გამოვდივართ საკუთარი უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პრიორიტეტიდან. ნებისმიერი ინტეგრაციული პროცესი საქართველოს მონაწილეობით არ უნდა ქმნიდეს საფრთხეს არსებული რეალობებისთვის”.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge