
ფაშიანიანის თქმით, აზერბაიჯანთან და თურქეთთან შუამავლებით საუბარი ეფექტს არ იძლეოდა - Netgazeti
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა იმ მომენტიდან დაიწყო, როცა სომხეთის ხელისუფლებამ დაბალანსებული და გამაწონასწორებელი საგარეო პოლიტიკის კონცეფცია მიიღო. როგორც Armenpress იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მმართველი პარტიის – „სამოქალაქო შეთანხმების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
„დაბალანსებულმა და გამაწონასწორებელმა საგარეო პოლიტიკამ თავისი ეფექტურობა დაამტკიცა და მოგვცა შესაძლებლობა, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო გარემო დაგვესტაბილურებინა. ეს პოლიტიკა სტრატეგიად უნდა იქცეს, რომლის მთავარი ამოცანა საგარეო ურთიერთობებში დისბალანსის თავიდან აცილება ან მისი დაბალანსების ინსტრუმენტის ქონა იქნება”.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, თურქეთის რესპუბლიკასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და პარტია ამ გზას გააგრძელებს.
ამასთან, როგორც ფაშინიანი ამბობს, სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფორმატ „3+3“-ის შემდგომ განვითარებასაც და სომხეთის რესპუბლიკა ამაში საკუთარ წვლილს შეიტანს.
“ამ ფორმატში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობაც მნიშვნელოვანია სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობების კონსტრუქციული ტრანსფორმაციისთვის”.
ფაშინიანის განცხადებითვე, სომხეთის პოლიტიკური ოპოზიციის ზოგი წარმომადგენელი ხშირად ადანაშაულებს ხელისუფლებას და პირადად მას პროაზერბაიჯანულ და პროთურქულ პოზიციაში.
„რეალურად კი რა მოხდა? აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობებში ჩვენ ყოველთვის მესამე ქვეყნების მეშვეობით ვმოქმედებდით. ჩვენი განცხადებებისა და გეგმების 90 პროცენტზე მეტს მესამე ქვეყნების გავლით განვიხილავდით. როცა ვინმეს მესამე პირის მეშვეობით ესაუბრები, ვერასოდეს იქნები დარწმუნებული, რომ ის სწორად გადასცემს შენს გზავნილს ადრესატს. მას შეიძლება საკუთარი ინტერესები და შეხედულებები ჰქონდეს.სწორედ ამიტომ არ მყარდებოდა ჩვენს რეგიონში მშვიდობა მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა და ვთქვით: თუ თურქეთთან და აზერბაიჯანთან გვაქვს სალაპარაკო, და, რა თქმა უნდა გვაქვს, რატომ არ უნდა ვისაუბროთ პირდაპირ? ეს ერთადერთი გარანტიაა, რომ გზავნილი სწორად მივა და ზუსტ პასუხს მივიღებთ. კარგი იქნება თუ ცუდი, ეს უკვე სხვა საკითხია. მთავარია, კომუნიკაციაში დამახინჯება არ იყოს. ჩვენ მივაღწიეთ მშვიდობას სწორედ ამ ფაქტის გააზრებით: მესამე პირის მეშვეობით გადაცემული გზავნილი ყოველთვის ისე არ გადადის, როგორც ავტორს სურდა. ეს ორივე მიმართულებით ხდება.თუ თურქეთისთვის ან აზერბაიჯანისთვის რამე გვინდოდა გვეთქვა, ვრეკავდით სხვაგან, რათა ჩვენი აზრი მათთვის მიეწოდებინათ. ჩვენ კი ვამჯობინებდით, ვამჯობინებთ და მომავალშიც ვამჯობინებთ პირდაპირ კომუნიკაციას, მესამე ქვეყნების მონაწილეობის გამორიცხვის გარეშე. არის საკითხები, სადაც მათი მონაწილეობა აუცილებელია, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებში აქტიური პირდაპირი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს. სწორედ ამის წყალობით გვაქვს დღეს მშვიდობა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge