მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
„ოცნების“ სანქცირების საკითხს დავუბრუნდებით, როცა უნგრეთის ახალი მთავრობა გვეყოლება — კალასი - Netgazeti

„ოცნების“ სანქცირების საკითხს დავუბრუნდებით, როცა უნგრეთის ახალი მთავრობა გვეყოლება — კალასი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის თქმით, ევროკავშირი განაახლებს საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან უნგრეთის ახალი მთავრობა იქნება წარმოდგენილი.

როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანის მთავრობა ბლოკავდა სანქციების დაწესებას მისი მოკავშირე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.

„ზოგადი განწყობა ასეთია. როდესაც ჩვენ გვსურდა სანქციები, მაგალითად, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახორციელებს ამ ქმედებებს ოპოზიციისა თუ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ჩვენ გვყავდა 26 მომხრე ქვეყანა და ერთი — წინააღმდეგი. ბოლოდროინდელი მოვლენები [უნგრეთში მთავრობის ცვლილება] ასევე ეხება საქართველოსაც — მოაქვს თუ არა ამას ახალი იმპულსი ამ მიმართულებით? მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ, მაგრამ ვნახოთ. ჩემთვის ცალსახად დღეს იყო ძალიან კარგი დისკუსია ამ საკითხებზე, ასევე ჩართულობაზე, რადგან ზოგიერთი ამბობდა, რომ მეტი კომუნიკაცია გვჭირდება“, — განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, საქართველო არ ავლენს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს.

„მინისტრების მკაფიო გზავნილია, რომ საქართველომ კურსი უნდა შეცვალოს. ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნამდვილი ჩართულობა იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათ კურსის შეცვლა სურთ“, — თქვა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, სადაც სამხრეთ კავკასიის საკითხი განიხილეს.

12 აპრილს უნგრეთში გამართულ ისტორიულ საპარლამენტო არჩევნებზე პუტინის მეკავშირე ვიქტორ ორბანი 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დამარცხდა. პეტერ მადიარის პარტიამ „ტისამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

საქართველო გაფართოების ნაცვლად EU-ის დაკავშირებადობის დღის წესრიგში?
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია