
მდინარაძე უბრუნდება საჯარო ასპარეზს, სადაც ძალიან დიდი უპირატესობა აქვს - წილოსანი - Netgazeti
„ქართული ოცნების“ წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებული საკადრო ცვლილებები მათი პოლიტიკური გუნდისთვის ძლიერი გადაადგილებებია.
წილოსანის თქმით, სუს-ის უფროსობიდან მამუკა მდინარაძის მოხსნით და სახელმიწფო მინისტრად დანიშვნით ის პოლიტიკურ და საჯარო ასპარეზს უბრუნდება, სადაც ძალიან დიდი უპირატესობა აქვს.
„ეს ძალიან ძლიერი გადაადგილება არის. მამუკა მდინარაძემ, ხელმძღვანელობდა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაამტკიცა, რამდენად შეუძლია მას, ამ ურთულეს მისიებს გაართვას თავი.
ასევე, მივესალმები იმ საკადრო ცვლილებებს, რომელიც გულისხმობს გელა გელაძის სუს-ის ხელმძღვანელად გადაყვანას და სულხან თამაზაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად არჩევას…
პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება, ალბათ, ნაკარნახევი იყო იქიდან, რომ სამართალდამცავ უწყებებს ნამდვილად სჭირდებათ კოორდინაცია, რასაც ალბათ, მამუკა მდინარაძეზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა. ამავდროულად, მამუკა მდინარაძე უბრუნდება პოლიტიკურ და საჯარო ასპარეზს, სადაც მას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ერთად აღებულ ყველა ჩვენს ოპონენტთან შედარებით. ამიტომ „ქართული ოცნებისთვის“, როგორც პოლიტიკური გუნდისთვის, სერიოზული და ძლიერი გადაადგილებებია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო გადაადგილებებია. მთავრობის სტრუქტურას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაემატება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
მამუკა მდინარაძის ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გელა გელაძე დაიკავებს, რომელიც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრია.
შინაგან საქმეთა მინისტრად დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge