
დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის სომხეთში ევროკავშირის მისია ორი წლით განთავსდება - Netgazeti
ერევანი მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სომხეთში ევროკავშირის ახალი სამოქალაქო მისია გაიგზავნება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„სომხეთი მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილებას, სომხეთის რესპუბლიკაში გაგზავნოს ახალი ევროკავშირის სამოქალაქო მისია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სომხეთის დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებას, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას, მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლას, კიბერშეტევების აღკვეთას და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ მოქმედებას”.
ოფიციალური ცნობითვე, მისია თავდაპირველად ორი წლის ვადით განთავსდება და თავისი საქმიანობით ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას აღნიშნულ სფეროებში, ასევე სომხური საზოგადოების მდგრადობის გაზრდას თანამედროვე გამოწვევების წინაშე.
“სომხეთის მოთხოვნით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 5 მაისს დაგეგმილი სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტის წინაა მიღებული, წარმოადგენს სომხეთ-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგიდან გამომდინარე ერთ-ერთ ერთობლივ ინიციატივას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთმა ევროკავშირს არჩევნების წინ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში დახმარებისთვის მიმართა
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge