
სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს კომუნიკაცია, რომ უსამართლო ნაბიჯები გამოსწორდეს - ბოჭორიშვილი სანქციებზე - Netgazeti
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება უსამართლოა და ამას უყურადღებოდა არ დატოვებენ.
ბოჭორიშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყანასთან აქვთ კომუნიკაცია, რომ ეს „უსამართლო ნაბიჯები“ გამოსწორდეს.
ამის შესახებ ბოჭორიშვილმა დღეს, 15 აპრილს, პარლამენტში ისაუბრა, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს ინტერპელაციის წესით ჰყავდათ დაბარებული.
„როდესაც ასანქცირებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ესეც ერთგვარი უსამართლო დამოკიდებულების კარგი მაგალითია, თუ როგორ ხდება ქვეყნის შანტაჟი უშუალოდ ადამიანებზე ზეწოლის გზით და გარკვეული შიშის გაჩენის მეთოდებით.
ხშირ შემთხვევაში იყო ასეთი შემთხვევებიც, დამსანქცირებელ ქვეყანას, რომელიც გააცხადებდა ტვიტერზე, რომ ასანქცირებდა საქართველოს ხელისუფლების რაღაც რაოდენობის წარმომადგენლებს, ლეგიტიმურად გვიკითხავს, რომ იქნებ სახელები და გვარები მაინც გვითხრათ იმ ადამიანების, ვის ასანქცირებთ, რომ უბრალოდ მან იცოდეს, რომ თქვენ დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიოს და აღარ შემოგინგრიოთ კარი. სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ ხოლმე და უბრალოდ ასე განცხადებად რჩება.
ცხადად ჩანს, სად იწერებოდა ეს სანქციები, შეგიძლიათ შეადაროთ, შეცდომებიც კი ერთნაირია სახელების და გვარების დაწერის დროს. კიევში დაწერილი სანქციები როგორ იქნა გადაკოპირებული სხვა ქვეყნების მიერ, ასეთიც იყო, დაშვებული შეცდომებიც კი ვერ გაასწორეს, გვარები რომ გაესწორებინათ და ა.შ. არასერიოზულია ერთი მხრივ, თუმცა სერიოზული არის მეორე მხრივ. ჩვენ ვერ დავტოვებთ ამ საკითხს უყურადღებოდ. გარდა იმისა, რომ განცხადებებს ვაკეთებთ, ჩვენგან კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება. ყველაფერს აქ ვერ ვისუბრებ, თუმცა გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყანასა და უწყებასთან, რომ უსამართლო ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, იყოს გამოსწორებული. იმედი მაქვს, რომ გარკვეული პროგრესი გვექნება ამ მიმართულებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge