
"სომხეთი შედის პროექტ TRIPP-ის განხორციელების ფაზაში" - ფაშინიანი - Netgazeti
სომხეთის რესპუბლიკა შედის პროექტ TRIPP-ის („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) განხორციელების ფაზაში. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„სიხარულით უნდა აღვნიშნოთ, რომ რთული საერთაშორისო ვითარების მიუხედავად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობები რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვასა და პროექტ TRIPP-ის განხორციელებას პრიორიტეტად მიიჩნევენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანის თქმით, პროექტის რეალიზაცია რეგიონში გრძელვადიანი, სტაბილური და საიმედო მშვიდობის მნიშვნელოვანი საყრდენი ხდება.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ განისაზღვროს საკომუნიკაციო პროგრამის ჩარჩო სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტისა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ან TRIPP).
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge