მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ევროკავშირის ახალი მისია სომხეთში - მიზანი ამჯერად რუსეთის გავლენის შემცირება - Netgazeti

ევროკავშირის ახალი მისია სომხეთში - მიზანი ამჯერად რუსეთის გავლენის შემცირება - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ევროკავშირი გეგმავს სომხეთში ორწლიანი სამოქალაქო მისიის განთავსებას, რომლის მიზნად ოფიციალურად სახელდება ქვეყნის „ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მდგრადობის გაძლიერება“, ხოლო დოკუმენტებში პირდაპირ ფიქსირდება ამ საქმიანობის მიმართვა რუსეთის „დესტაბილიზაციური ქმედებების შემცირებისა და შერბილებისკენ“. გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩებმა უკვე დაამტკიცეს ბრიუსელში და მისი საბოლოო დამტკიცება მომავალ კვირას, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეა მოსალოდნელი.

როგორც რადიო თავისუფლების (RFE/RL) მიერ მოპოვებული, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის დოკუმენტიდან ირკვევა, მისიის ამოცანა იქნება, „გააძლიეროს სომხეთის მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ სტრატეგიული და ოპერაციული კონსულტაციების გზით უსაფრთხოების უწყებებისთვის“.

დოკუმენტის მიხედვით, მისიის საქმიანობა მოიცავს: უცხოური ინფორმაციული მანიპულაციების (FIMI) გამოვლენასა და მათთან ბრძოლას; კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას; უკანონო ფინანსური ნაკადების კონტროლს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში; უსაფრთხოების სექტორის შესაძლებლობების შეფასებას და განვითარებას ევროკავშირის სტანდარტებით.

ამასთან, ტექსტში აღნიშნულია, რომ დახმარების მიზანი „მკაფიოდ უნდა იყოს მიმართული რუსეთის დესტაბილიზაციური საქმიანობის შემცირებისა და შერბილებისკენ“.

დაგეგმილი „ევროკავშირის პარტნიორობის მისია“ (EUPM Armenia) სომხეთში ორი წლის ვადით განთავსდება და დაახლოებით 20-30 საერთაშორისო თანამშრომელს მოიცავს. მისია ასევე ღია იქნება მესამე ქვეყნების მონაწილეობისთვის, თუ შესაბამისი შეთანხმებები გაფორმდება.

ევროკავშირის შეფასებით, ბოლო პერიოდში სომხეთში „ინტენსიური ჰიბრიდული შეტევების“ სამიზნეა, რომლებიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისა და საზოგადოებრივი ნდობის შემცირებისკენ. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ეს რისკები განსაკუთრებით იზრდება მომავალი საარჩევნო პროცესების წინ, მათ შორის 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების ფონზე.

სომხეთმა ევროკავშირს არჩევნების წინ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში დახმარებისთვის მიმართა

მანამდე ევროკავშირმა სომხეთის მთავრობის მოთხოვნით უკვე განიხილა მოკლევადიანი „ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფის“ გაგზავნაც, რომელიც საარჩევნო პროცესებში ინფორმაციული მანიპულაციების პრევენციაზე იმუშავებდა. მსგავსი ფორმატის მისია ევროკავშირმა უკვე გამოიყენა მოლდოვაში, სადაც იგი 2024 წლის არჩევნების კონტექსტში მუშაობდა.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია რეგიონული გეოპოლიტიკური რისკები, მათ შორის ირანთან შესაძლო კონფლიქტი, მიგრაციული ნაკადები და ორგანიზებული დანაშაული. ევროკავშირის შეფასებით, სომხეთის გეოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის ირანთან საზღვარი და „ჩრდილო-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა, დამატებით უსაფრთხოების გამოწვევებს ქმნის.

ამ ფონზე აღნიშნულია, რომ ასეთი დაძაბულობა შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად სომხეთის ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორზე.

პარალელურად, ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უკვე დაავალა თავის საგარეო სამსახურს დიალოგის გაგრძელება აზერბაიჯანთან, რათა განმარტოს მისიის მიზნები და თავიდან აიცილოს მათი უარყოფითი გავლენა სამშვიდობო პროცესზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ბაქო მკაცრად აკრიტიკებდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას სომხეთის საზღვარზე.

ამავე თემაზე, აზერბაიჯანული მედიაპლატფორმა haqqin.az, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი ლოიალურად არის მიჩნეული, წერს, რომ თუ ევროკავშირის წინა მისია აზერბაიჯანში კრიტიკულად აღიქმებოდა, რადგან ბაქო მას სომხეთის მხარდაჭერად მიიჩნევდა ბაქო-ერევნის ურთიერთობების კონტექსტში და საზღვარზე აზერბაიჯანიდან მომავალი საფრთხეების მონიტორინგით იყო დაკავებული, შექმნილ ვითარებაში ევროკავშირს, აზერბაიჯანს და ფაშინიანის ხელისუფლებას ნაწილობრივ ემთხვევათ ინტერესები, ანუ რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია