მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
დღეიდან აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება - Netgazeti

დღეიდან აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცის ჩაკეტვის გამო საქართველოს საჰაერო საავიაციო ტრასები იცვლება. კერძოდ, დაბის გარშემო 52 კმ. დიამეტრზე საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს საჰაერო სივრცეში ცვლის რამდენიმე ისეთ საერთაშორისო ტრასას, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.

სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.

ასეა თუ არა ეს? ობსერვატორიის დირექტორი ამბობს, რომ კი. მაგრამ რადიო თავისუფლების წყაროები საავიაციო ინდუსტრიიდან და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებიდან ირწმუნებიან, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა “ბიძინა ივანიშვილის ახირება” უფროა. “ქართული ოცნების” მილიარდერ დამფუძნებელს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშლილ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია.

თვეების წინ, როდესაც ინფორმირებულმა წყარომ სახელმწიფო უწყებიდან, რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის პროცესთან, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ივანიშვილის სურვილით აბასთუმნის ცა ავიახომალდებისთვის დაიკეტებოდა, საჰაერო სივრცის მომწესრიგებელ არცერთ სამართლებრივ აქტში, მათ შორის მთავრობის დადგენილებებში, ასეთ ცვლილებებს არაფერი მოასწავებდა.

არადა იგივე წყარო ასახელებდა დაკეტვის ზუსტ თარიღს – 2026 წლის 16 აპრილს“, – ვკითხულობთ ჟურნალისტურ გამოძიებაში.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამ გადაწყვეტილებით, აბასთუმნის თავზე, დაახლოებით 28 საზღვაო მილის (52 კმ.) დიამეტრის საჰაერო სივრცეში აიკრძალა სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავების შესვლა. ეს აკრძალვა ვრცელდება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე, რაც საავიაციო რუკის პროექტში შესაბამისი კოდებით არის აღნიშნული – GND-UNL.

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ფრენისთვის დახურული ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და საქართველოს სიღრმეში – დაახლოებით 45 კმ-ში სრულდება. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, წყაროები სახელმწიფო უწყებიდან და საავიაციო ინდუსტრიიდან ეუბნებიან, რომ აბასთუმნის ცაზე ახალი შეზღუდვები ასტროკლიმატზე მეტად აბასთუმნის კლიმატით ივანიშვილის დაინტერესებას უკავშირდება, რაც ბიზნესკლიმატსაც ცვლის.

ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს აბასთუმანში ეკუთვნით ათასობით კვ.მ. მიწა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მშენებარე სასტუმრო. იგი ასევე ფლობს ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს.

„საქაერონავიგაციის” დოკუმენტაციის მიხედვით, ამ აკრძალვას ერთი საინტერესო გამონაკლისი აქვს: დაშვებულია ფრენა ტერიტორიაზე მოფრენილი ან ტერიტორიიდან გაფრენილი ხომალდებისთვის. ანუ ეს დათქმა ფრენის უფლებას აძლევს მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ.

ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს“, – ვკითხულობთ ჟურნალისტურ გამოძიებაში.

ანონიმური წყარო სახელმწიფო უწყებიდან რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის გამო დაგრძელებული მარშრუტი ფრენის დროს გაზრდის და ფასებს გააძვირებს.

„საქართველოს სამხრეთ საზღვრიდან ქვეყნის სიღრმისკენ შეჭრილი ზონა ფრენის ნაკადებს ქვეყნის ჩრდილოეთით გადაანაცვლებს, რაც, თავის მხრივ, ავიაკომპანიებისთვის ნაკლებ ხელსაყრელია. დაგრძელებული მარშრუტი, ფრენის დროის გაზრდა, საწვავის ხარჯის გაზრდა, – ეს ერთ ერთეულ ფრენაზე შეიძლება საგრძნობი არ იყოს ავიაკომპანიებისთვის ხარჯის მხრივ, მაგრამ მრავალი ფრენა გამრავლებული მრავალ დღეზე და საკმაოდ შთამბეჭდავ რიცხვებს მივიღებთ.

ეს ყველაფერი კი ნელ-ნელა ქართული აეროპორტებიდან ფრენებს „გააძვირებს“ და საბოლოოდ თითოეული მგზავრის ჯიბეზე აისახება. ბევრმა ავიაკომპანიამ შესაძლოა უარი თქვას გაზრდილი ხარჯების გამო ტრანზიტად ქართული საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, გადაიწიოს თურქეთისკენ, ანდა ეძებოს ალტერნატიული მარშრუტები”, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან წყარო სახელმწიფო უწყებიდან.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი ალექსანდრე თევზაძე კი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ ფრენების აკრძალვა დედამიწის ზედაპირიდან ატმოსფეროს კიდემდე ობსერვატორიის მოთხოვნა იყო. მისი თქმით, საჰაერო ტრასების გადატანას ობსერვატორია წლების განმავლობაში ითხოვდა.

თუმცა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ინტერვიუს მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ობსერვატორიის დირექტორმა „რადიო თავისუფლებისგან“ შეიტყო, რომ საქართველოს მთავრობამ მათი თხოვნა ორი თვის წინ დააკმაყოფილა და შეზღუდვები მალე ამოქმედდება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია