მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ჩინეთში ეკონომიკის მინისტრის ვიზიტისას ანაკლიის თემაზეც იქნება საუბარი - კობახიძე - Netgazeti

ჩინეთში ეკონომიკის მინისტრის ვიზიტისას ანაკლიის თემაზეც იქნება საუბარი - კობახიძე - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ირაკლი კობახიძის თქმით, ჩინეთში ვიზიტისას მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტის საკითხსაც განიხილავს.

როგორც კობახიძე ამბობს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიახლეები უახლოეს მომავალში ექნებათ.

„ახლა, როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, ეს დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები. ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც, ესეც არის, ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი. მოლაპარაკებები გრძელდება“,- განაცხადა კობახიძემ.

2024 წელს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC გამოაცხადა, თუმცა ინვესტორთან კონტრაქტი ამ დრომდე არ გაფორმებულა.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ – გიორგი გახარიას პრემიერობისას – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული ქართულ-ამერიკული კონსორციუმი თამაშიდან გააგდეს, მთავრობამ ახალი კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი წამოიწყო.

2024 წელს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC გამოაცხადა, თუმცა ინვესტორთან კონტრაქტი ამ დრომდე არ გაფორმებულა.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის შერჩეული ჩინური კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) სანქცირებულია აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, რასაც ეკონომიკის სამინისტრო მანიპულაციურად უარყოფს.

2024 წლის პირველ აგვისტოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul შეასრულებს, რომელიც საერთაშორისო ტენდერით შეირჩა.

ამასთან, 2026 წლის მარტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია