
ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება პოეტ ზვიად რატიანს - პენ საქართველო - Netgazeti
პენ საქართველო ეხმაურება პოეტ ზვიად რატიანისთვის სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოხდის გადაწყვეტილებას.
პენ საქართველოს განცხადებით, ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება სინდისის პატიმარს, პოეტ ზვიად რატიანს
„პენ საქართველო და ქართველი მწერლები, გამომცემლები და ლიტერატორები გმობენ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექციის გადაწყვეტილებას, რომლითაც სინდისის პატიმარს, პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ფორმად მკაცრი რეჟიმი განესაზღვრა, რაც მისთვის პაემნების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი ისედაც მკაცრი რეჟიმის პირობებში, სამარტოო საკანში იხდის სასჯელს და მას არასდროს დაურღვევია ციხის შინაგანაწესი.
დოკუმენტში, რომელიც ზვიად რატიანმა ციხის ადმინისტრაციისგან 6 აპრილს მიიღო, აღნიშნულია, რომ ის „საშიშროების მომეტებული რისკის“ მქონე პატიმარია და ეს გადაწყვეტილება “საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო სხდომაზე“ იქნა მიღებული.
ზვიად რატიანის ადვოკატები გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა, მანამდე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჩვენი დროის საუკეთესო ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს. მისი უკანონო პატიმრობა აუცილებლად დარჩება ქვეყნის ისტორიაში, როგორც უკიდურესად სამარცხვინო ფურცელი“, – ნათქვამია პენ საქართველოს განცხადებაში.
ზვიად რატიანი ამჟამად სასჯელს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. თუმცა 23 აპრილს „პუბლიკამ“ ზვიად რატიანის ღია წერილი გაავრცელა, საიდანაც გაირკვა, რომ პოეტს თავისუფლების აღკვეთის პირობები განესაზღვრა: ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის.
ზვიად რატიანმა ციხიდან ღია წერილით მიმართა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას და გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას.
პოეტი ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2026 16 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge