სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს სააპელაციო სასამართლომ 27 ნოემბერს შეცვალა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი მეჰმეთ უიარი ამავე კლუბის 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ფეხბურთელის ადვოკატმა ანა თავხელიძემ ფეისბუკზე დაწერა.
გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ - მოსამართლეებმა ბესიკ ბუგიანიშვილმა, გიორგი კერატიშვილმა და ნინო ჩახნაშვილმა - მიიღო.
თავხელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სხდომა სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე დღეს გაიმართა. ადვოკატი სხდომას არ დასწრებია. მისი თქმით, განაჩენის შესახებ პროკურორისგან შეიტყო.
ადვოკატის ინფორმაციით, სხდომას არც მეჰმეთ უიარი დასწრებია. თავხელიძემ არ იცის, იმყოფება თუ არა უიარი საქართველოში. მისი განმარტებით, მსჯავრდებული შეიძლება თავად გამოცხადდეს პოლიციაში. თუ მან ქვეყანა დატოვა და საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდება, მასზე ძებნა გამოცხადდება.
ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაშია და მისი გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეიძლება.
