გიორგი შაიშმელაშვილი - ჩვენ ძლიერი პარტნიორები გვჭირდება და თუ ამისგან შეგნებულად ზურგით დგები, მერე ყველას უჩნდება ცდუნება, რომ თავში წამოგარტყას
აქცია აჩვენებს იმას, რომ ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები არ ეგუებიან, ერთი მხრივ, ძალაუფლების მიტაცებას და მეორე მხრივ, ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანის შეცვლას არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ - თუ დღევანდელ მსოფლიოში ნორმები აღარ მუშაობს, მაშინ ძლიერი პარტნიორები გვჭირდება და თუ ამისგან შეგნებულად ზურგით დგები, მერე ყველას უჩნდება ცდუნება, რომ თავში წამოგარტყას, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრმა გიორგი შაიშმელაშვილმა აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ პროტესტით არ დაფიქსირდა ის, რომ ქართველი ხალხი არ ეთანხმება „ოცნების“ ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს, მაშინ ამაში დასავლელი მეგობრების დარწმუნება რთული იქნება.
„თუ ეს არ გავაკეთეთ და არ დავაფიქსირეთ, ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის ახსნა, რომ სინამდვილეში, ეს ყველაფერი, რასაც აკეთებს ივანიშვილის დაჯგუფება, არის არალეგიტიმური და უკანონო, რთული იქნება. ამიტომ მოქალაქეობრივი ვალი ყველამ უნდა ვაჩვენოთ იმისთვის, რომ დამაჯერებელი იყოს ის, რასაც ვამბობთ. მიუხედავად ათასნაირი რეპრესიისა, წინააღმდეგობა არ შეწყვეტილა, როგორც ჩანს, დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ეს არ წყვეტს, რა თქმა უნდა, დღეს ძალაუფლების შეცვლის საკითხს, მაგრამ ეს აფიქსირებს იმას, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეთანხმებიან იმ კურსს, რომელიც აირჩია „ოცნებამ“.
მე მგონი, ყველა კეთილსინდისიერ მოქალაქეს ესმოდა, რომ ამის კეთება ამ ფორმით, ერთი მხრივ, კონფლიქტში შესვლა დასავლეთთან და მეორე მხრივ, ფსონების დადება იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორიები, იყო არასწორი და შეცდომა. ფაქტია, რომ დღეს აღმოვჩნდით ვითარებაში, თითქოს პრაგმატიზმის სახელით, როცა ყველასთან პრობლემა შეგვექმნა, თვით სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთთან, ხომ ნახეთ ბოლო ინტერაქცია როგორ გამოვიდა. „ოცნება“ გვეუბნება, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, რომელიც იქნება ცინიკური, მაგრამ ამ ცინიკურ სამყაროში გვჭირდება მეგობრები. თუ ნორმები აღარ მუშაობს, მაშინ ძლიერი პარტნიორები გვჭირდება და თუ ამისგან შეგნებულად ზურგით დგები, მერე ყველას უჩნდება ცდუნება, რომ თავში წამოგარტყას“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ თანხმდება გრძელვადიან მოქმედების გეგმაზე, იქამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ არ იცის.
„ჩვენ ვერ ვთანხმდებით გრძელვადიან მოქმედების გეგმაზე, იმის გამო, რომ ბევრი გაურკვევლობა გვაწევს თავზე. სანამ არ გვეცოდინება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, იქამდე რთული იქნება პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების შეთანხმება, თუნდაც იმაზე, რას აპირებენ 2028 წლის კალენდარულ არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სარჩელის საბოლოო გადაწყვეტილება ბევრ რამეს ცვლის. მეორე არის „ოცნების“ დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. საბოლოო ჯამში, მე მგონია, რომ თუ საკონსტიტუციო კრძალავს პარტიებს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნებამ“ საბოლოოდ დახურა ევროპისთვის კარი. მაშინ ჩვენი ბრძოლაც ვეღარ იქნება კლასიკური, კონვენციური გზებით, ვგულისხმობ იმას, რომ მართლა რთული იქნება დავაჯეროთ ჩვენი მოქალაქეები, რომ 2028 წელს არჩევნების გზით შესაძლებელი იქნება ცვლილება, მაშინ სხვა რამე იქნება მოსაფიქრებელი. არჩევნებისთვის თუ გადიხარ ამ ბრძოლაში, მაშინ ჰანდიკაპით უნდა მოიგო, დიდი უპირატესობით. ამ დიდი უპირატესობისთვის ის ადამიანები უნდა ჩართო პროცესში, ვინც აქამდე არ ყოფილან ჩართულნი. ამას როგორ და ვისთან ერთად ვახერხებთ, ეს თემებია, რომელიც 2027 წლის გაზაფხულამდე გამოიკვეთება, რაღაც სიცხადე იქნება. დღეს ძალიან რთულია თქმა, როგორი იქნება ბრძოლის გზა“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
