„ერთი თვე ვკითხულობდი, როგორ მღალატობდა...“ - თამუნა მუსერიძე ქმართან დაშორების აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ქმართან დაშორების შესახებ აქამდე უცნობ და ემოციურ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავად აკვირდებოდა მეუღლის მიმოწერას სხვა ქალთან და ერთი თვის განმავლობაში მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც მუსერიძე იხსენებს, კონფლიქტის შემდეგ მისი მეუღლე სახლიდან წავიდა, დაახლოებით ერთ კვირაში კი სხვა ადამიანთან ურთიერთობა დაიწყო. ჟურნალისტის თქმით, ქმარს არ ეგონა, რომ მან ამ ურთიერთობის შესახებ ყველაფერი იცოდა.
„ერთი თვე ვუყურებდი მიმოწერას. სახლში ვიჯექი. ლეპტოპში Facebook ღიად ჰქონდა დატოვებული და ასე მქონდა ჩართული ერთი თვის განმავლობაში. რა ძალამ შემაძლებინა, როგორ, რომ არ გავნადგურდი. ერთი თვე ზიხარ, ამ ყველაფერს უყურებ, უსმენ ამათ ვოისებს, ამათ ფოტოებს უყურებ, ვიდეოებს უყურებ. იცი, როდის ხვდებიან ერთმანეთს, სად მიდიან“, - იხსენებს თამუნა მუსერიძე.
მისივე თქმით, საბოლოო ემოციური ზღვარი ერთ ღამეს მომხდარმა ფაქტმა გადალახა. ღამის ორ საათზე მეგობარს დახმარება სთხოვა, რადგან იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ იმ ადამიანებთან მისვლასაც კი ფიქრობდა. საბედნიეროდ, მეგობრებმა მისი შეჩერება შეძლეს.
მუსერიძის განმარტებით, მეორე დღეს მან სოციალურ ქსელში საჯარო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით უკან დასაბრუნებელი ხიდის მოჭრა სურდა, რადგან იცოდა, რომ შესაძლოა, თავად ეპატიებინა მომხდარი.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება იყო, თუმცა, მიუხედავად ტკივილისა, საბოლოოდ ყოველთვის ახერხებს რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას.
„შეიძლება ერთი-ორი დღე სადღაც ერთ ადგილას გავჩერდე და უბრალოდ გამოსავალი ვეძებო, მაგრამ საბოლოოდ მაინც აუცილებლად ვპოულობ მას. ყოველთვის ვახერხებ, საკუთარი თავი გამოვიყვანო იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ვარ. არასდროს არავინ დამხმარებია სირთულეებიდან გამოსვლაში. სამწუხაროდ“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.
