ლევან მაჭავარიანი: ძალიან ბევრი მსხვილი ფონდი აფინანსებდა ქაოსს და რევოლუციას საქართველოში. იმდენად ბინძურ საქმიანობას აფინანსებდნენ, რომ ამის დეკლარირება არ აწყობდათ და ამიტომაც იყო გამჭვირვალობის კანონის გარშემო ეს ისტერია
რადიკალურ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამუშავეთ გამჭვირვალობის კანონი, გრანტების კანონში შევიტანეთ ცვლილება, ის ბერკეტები გამოეცალათ ხელიდან, რომლის საშუალებითაც გეგმავდნენ რევოლუციურ სცენარებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად დაფინანსებული იყო და ხორციელდებოდა მდიდარი ენჯეოებისა და აგენტურული ოპოზიციის მიერ. მათ ასეთი ბინძური დაფინანსების გარეშე ჩვენ ქვეყანაში ქაოსის შემოტანა უჭირთ“, - აღნიშნა მან.
მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ილონ მასკის პოსტთან დაკავშირებითაც, რომელშიც USAID-ი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსებაშია დადანაშაულებული.
„ძალიან ბევრი ასეთი მსხვილი ფონდი იყო, რომელიც აფინანსებდა ქაოსს და რევოლუციას საქართველოში. ერთ-ერთი წამყვანი იყო USAID. იმდენად ბინძურ საქმიანობას აფინანსებდნენ, რომ ამის დეკლარირება არ აწყობდათ და ამიტომაც იყო გამჭვირვალობის კანონის გარშემო ეს ისტერია. USAD-მა „ისფედს“ დაავალა გაეყალბებინა პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რის შემდეგაც სიტუაცია რევოლუციურ სცენარში გადავიდა. USAID-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინსტრუმენტია ე.წ. დიფ სთეითის ხელში და რომელიც პირდაპირ ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, ამ ორგანიზაციას გამოესარჩლა ყველა აგენტურული პარტია. ესეც ხომ თვალსაჩინო მაგალითია, რომ მთლიანად კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება ამ მდიდარ ენჯეოებთან ერთად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
