შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები სუროგაციის სერვისის მიღებას სხვა ქვეყანაში - მინისტრის განმარტება
ექნებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს სუროგაციით სარგებლობის შესაძლებლობა სხვა ქვეყანაში - თემის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამ ეტაპზე, აღნიშნული შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხი არ განიხილება.
"ბევრ რამეზე იქნება ეს დამოკიდებული. ამ წუთს, ასეთი რამ, რომ ვინმეს უცხოეთში წასვლა [და სუროგაციის სერვისით სარგებლობა] აეკრძალოს, ჩაფიქრებული არ გახლავთ.
ასეთი გამონაკლისი იტალიის შემთხვევაა, ამგვარი რეგლამენტი სხვა ქვეყანაში არ გვხვდება.
ასეთი ჩანაფიქრი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა მსჯელობა გვაჩვენებს, რამდენად შეიძლება არსებობდეს ამის შეზღუდვის საჭიროება. ბუნებრივია, ამაზეც უნდა ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და შესაბამისად მივიდეთ გადაწყვეტილებამდე. დღევანდელი გადმოსახედიდან, ამის საჭიროება ნამდვილად არ იკვეთება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
