
საქართველო სრულ მზადყოფნაშია ყაზახეთიდან ნავთობის გაზრდილი მოცულობების გატარების შემთხვევაში უზრუნველყოს ტრანზიტი, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ასევე ბაქო-სუფსის სატრანზიტო მილსადენებით - ეკატერინე სისაური
ყაზახეთი, ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს - ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში სააგენტო "ინტერფაქს-ყაზახეთს" განუცხადეს.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ "კასპიის მილსადენის კონსორციუმის" არასტაბილური მუშაობის ფონზე ყაზახეთი საქართველოს ნავთობის ექსპორტის დამატებით მიმართულებებად განიხილავს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური აცხადებს, რომ საქართველო სრულ მზადყოფნაშია ყაზახეთიდან ნავთობის გაზრდილი მოცულობების გატარების შემთხვევაში უზრუნველყოს ტრანზიტი, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ასევე ბაქო-სუფსის სატრანზიტო მილსადენებით:
"საქართველო სრულ მზადყოფნაშია ყაზახეთიდან ნავთობის გაზრდილი მოცულობების გატარების შემთხვევაში უზრუნველყოს ტრანზიტი, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ასევე ბაქო-სუფსის სატრანზიტო მილსადენებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია პერსპექტივები ბაქო-სუფსის სატრანზიტო მილსადენის დატვირთვასთან დაკავშირებით, რაც მიმდინარე წელს აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეულ შეთანხმებებს უკავშირდება.
ბოლო წლებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენით არ ხდებოდა ნავთობის ტრანზიტი და შეთანხმების საფუძველზე მილსადენი დაიწყებს სრულად ოპერირებას და ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს ყაზახური ნავთობის შეუფერხებელ მიწოდებას საერთაშორისო ბაზრებზე.
რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დატვირთულობას, გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს იგეგმება სატრანზიტო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა," - აცხადებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური.
ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, 2026 წელს 2025 წელთან შედარებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ექსპორტის 31%-ით გაზრდა დაგეგმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge