
რუსოფობია უცხოური დაფინანსებით - ირაკლი კირცხალია ოპოზიციასა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აკრიტიკებს
რატომ გაღვივდა რადიკალური ანტირუსული განწყობები უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ?! უცხოეთიდან დაფინანსებულ რუსოფობიაზე, პრემიერ-მინისტრის დეტალური ანალიზის შემდეგ, ვრცელ წერილში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა. ირაკლი კირცხალია წერს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საკუთარ სამშობლოში გარე ინტერესებს, პროფესიის მიუხედავად, არაერთი ადამიანი ემსახურება. მათ შორის არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც, კირცხალიას თქმით, მხოლოდ უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსების მოდელით მოქმედებენ. სწორედ ამიტომ გახდა მათთვის რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მათ სამშობლოში რუსული ბომბები ცვიოდა, თავად კი მალევე ოკუპანტს უმღერეს.
ის, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად კონკრეტული ჯგუფისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დამატებით 120-ზე მეტი სოფლის საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩენა, საკუთარ სამშობლოში დაახლოებით 30 000 იძულებით გადაადგილებული პირი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი ქართველი - უმრავლესობის ლიდერის თქმით, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება.
ფაქტები, რომლებზეც ირაკლი კირცხალია საუბრობს, ინახება არქივშიც. მათ შორის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში ვიზიტებთან თუ სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით. მედია არქივში ინახება ვიდეომასალებიც, როგორ უმღეროდა აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო ბანი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მის ქვეყანაში, როგორ მღეროდნენ მოსკოვში გავლენიანი ბიზნესმენების შვილების ქორწილში ან თუნდაც სხვადასხვა ღონისძიებაზე.
ამ ფაქტებზე საუბარს და კითხვას – რატომ იყო ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა მისაღები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ? – ოპოზიციაში თავს არიდებენ. მათ შორის ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში, რომელმაც ტრაგიკული მოვლენებიდან რამდენიმე თვეში სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისა, აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა, რუს ტურისტებს კი საზღვარზე თავად მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.
სახელისუფლებო გუნდისთვის საინტერესო თავად ოპოზიციის პასუხია, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ აგენტურულ საქმიანობასა და ანტიქართულ ქმედებებს, რომლებშიც, მათ შორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ანტიქართულ ქმედებებსა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე დისკუსია პრემიერ-მინისტრის წერილით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ დასვა არაერთი შეკითხვა, მათ შორის – რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქართველო იბომბებოდა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge