
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდება
მძიმე ტექნიკის მუშაობა და ხმაური, რომელიც თბილისის მთავარ ქუჩაზე ისმის, სწორედ იმას ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდება.
პროექტი კომპლექსური და მასშტაბურია. ამას ემატება თბილისის რელიეფი და განაშენიანება. წყალმომარაგების და გაზმომარაგების ქსელები ათწლეულებია ამორტიზებულია და სწორედ ამიტომ პირველი ამოცანა მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაა. დედაქალაქის მერი მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო.
ინფრასტრუქტურის განახლება თამარ ჭოველიძის ქუჩიდან იწყება და თავისუფლების მოედნამდე გრძელდება. პროექტის ფარგლებში საჰაერო სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ძველ საფეხმავლო ბილიკებს ახალი ინფრასტრუქტურა შეცვლის. განახლდება მიწისქვეშა გადასასვლელებიც.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოწესრიგდება ტრანსპორტის გადაადგილებაც, რაც რუსთაველის გამზირს უფრო გამტარუნარიანს გახდის. დამონტაჟდება შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის გარდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია გამწვანებითი სამუშაოები. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტი გამზირზე არსებული ისტორიული შენობების და გარე ფასადების განახლებას გეგმავს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge