ახალი სასკოლო სეზონისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა. იწყება სასკოლო ფორმების გაცემა და რეალიზაცია. განათლების სამინისტრომ იმ ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც ფორმებია ხელმისაწვდომი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.
"ამ პლატფორმის შექმნის მთავარი მიზანია საზოგადოებას გავუმარტივოთ ფორმების შეძენის ხელმისაწვდომობა. ასევე, საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში, მინიმუმ ერთი საცალო-სარეალიზაციო პუნქტი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებული და გასაჯაროებულია. მიმდინარეობს კომუნიკაცია, რათა მშობლებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია ამის თაობაზე. მათ აქვთ ფორმების შეძენის შესაძლებლობა, როგორც საცალოდ, ასევე პლატფორმის რეჟიმში.
პირველკლასელთა ფორმები საცალო ფორმატში გაიყიდება პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 15 სექტემბრიდან, ვინც დააგვიანებს ან დამატებითი ერთეულის შეძენის სურვილი ექნება, მათ მხოლოდ ონლაინ პლატფორმით უნდა ისარგებლონ.
ონლაინ პლატფორმის, ისევე როგორც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ კონკრეტულმა ბანკებმა წარადგინეს "ქეშბექ" პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა აქვს და, რა თქმა უნდა, მომხმარებელმა თავად უნდა აირჩიოს თუ როგორ გააკეთებს შენაძენს. გამოდის, რომ ამ "ქეშბექ "პოლიტიკით საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, შესაბამის სამთავრობო დადგენილებაში შევიტანეთ ცვლილება, თუ ოჯახი შეფასებულია 65 001-დან 120 001 ქულამდე, ამ ოჯახს აქვს მრავალშვილიანის სტატუსი და ჰყავს პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლე, ასეთი პირველი და მეექვსე კლასის მოსწავლეები მიიღებენ უფასოდ - ბიჭის შემთხვევაში ერთ პიჯაკს და ორ შარვალს, ხოლო გოგოს შემთხვევაში ერთ პიჯაკს, ერთ ქვედაკაბასა და ერთ შარვალს.
მეექვსეკლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს და შეეჩვევა ამ კულტურას, შემდეგ წელიწადს მე-7 კლასში მისთვის ფორმის ჩაცმა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ყოველ წელს თითო კლასით მეტი დაემატება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge